წუხელ, საქალაქო სასამართლოს ეზოში გინებისა და ხელჩართული დაპირისპირების პროცესში დეპუტატი და ყოფილი ელჩი დააკავეს. კოტე გაბაშვილმა და ლევან ბეჟაშვილმა იმდენი "იხტუნავეს", საზოგადოებისგან მათი დროებითი იზოლირება აუცილებელი გახდა.
ერთია ჰქონდათ თუ არა სამართალდამცავებს უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე დაეპატიმრებინათ მეამბოხე კანონმდებელი და რამდენად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ არსებითია თვით დაპატიმრების ფორმა და მეთოდები, რომელიც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანში პროტესტის გრძნობას იწვევს და რომელმაც შესაძლოა დეზორგანიზაცია და არეულობა შემოიტანოს ქვეყანაში.
"ნაციონალები" ამისთვის გამალებით რომ ემზადებიან, ამას მტკიცება არ სჭირდება, ისინი ყველანაირ მიზეზს ეძებენ დაჩაგრულად წარმოაჩინონ თავი და ხელისუფლების უნიათობაშიც დაგვარწმუნონ!
დიახ, წუხანდელმა ინციდენტმა დაგვანახა, რომ "ნაცები" პროვოკაციის დიდოსტატები არიან და მათ აშკარად ძალუძთ "ბუზი აქლემად წარმოაჩინონ" და ამ ხელისუფლებას "ნიღაბი ჩამოხსნან!"
სხვა თემაა, რა აუცილებლობას წარმოადგენდა არჩევნების მეორე ტურის დამთავრებამდე გიგი უგულავას საზოგადოებისგან იზოლირება, მაგრამ რაც სასამართლოს ეზოში ხდებოდა, დღევანდელი ხელისუფლების აშკარა უმწეობაზე მეტყველებს-ისინი პროვოკაციას ადვილად წამოეგნენ! თუმცა, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარია, რომლის მიზანი დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციაა, რაც თავისთავად "ნაციონალების" რეამინირებას და მათ დაჩაგრულ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენას უწყობს ხელს...
თუ სოციალურ ქსელს თავლს გადავავლებთ, აშკარაა, რომ "ნაციონალების" მომხრეთა რაოდენობა იზრდება, საზოგადოების დაბნეული ნაწილი თვლის, რომ გუშინდელმა ინციდენტმა(შეიძლება ითქვას წინასწარ დაგეგმილმა პროვოკაციამ) გააჩინა ეჭვი, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც მათი წინამორბედის გზით მიდის.
პოლიციამ არაფრად ჩააგდო დეპუტატის იმუნიტეტი და არა მარტო დააკავა ისინი, არამედ იძალადა კიდეც მათზე. ნებისმიერი ადამიანის მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობა რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ აქ არავინ სვამს ლოგიკურ კითხვას:-დეპუტატის იმუნიტეტი მარტო ჯავშანია, თუ პასუხისმგებლობაც, რომელიც კანონმდებელმა უპირველესად უნდა დაიცვას?! რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს სამართლებრივი ნორმები იმ ადამიანებზე, ვინც აშკარად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და დებოშისა და არეულობის ინსპირატორად გვევლინებიან? რა შუაშია იმუნიტეტი, როცა დანაშაული სახეზეა?
რას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია და საერთოდ, რა შუაშია იმუნიტეტი დამნაშავეებთან და დანაშაულთან-გაბაშვილი და ბეჟაშვილი პროვოკატორები არიან და არა იმუნიტეტშელახულები, თუმცა, ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ პროვოკაციებს არ წამოეგოს!..
თუმცა, ჯერ-ჯერობით ეს სურათია, საინტერესო კინო წინ გველოდება. ყველას და ყველაფერს ნიღაბი არა თავად ნიღბიანებმა, არამედ ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ჩამოვხსნათ!
საბა საბახტარაშვილი