"მე ჩამოვხსენი ნიღაბი ამ ხელისუფლებას"-ეს სიტყვები თბილისის ყოფილ მერს, გუშინდელი ბალ-მასკარადის მთავარ გმირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავას ეკუთვნის.
"გამიშვი-დამაკავე"-ს თამაში როგორც იქნა დასრულდა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ძნელი სათქმელია, დარჩება თუ არა გისოსებს მიღმა გიგი უგულავა, თუ ისევ პროკურატურის უსუსურობისა და "თავისუფალი სასამართლოს" "პრინციპული" და "სამართლიანი" გადაწყვეტილების მოწმე გავხდებით?!
ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დატუსაღება, არც უგულავას დაპატიმრებას გამოუწვევია ჩემში ხბოს აღტაცება, რადგან, მიმაჩნია, რომ დამნაშავეა თვით ის სამარცხვინო სისტემა(რეჟიმი), რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლითაც იმართება საზოგადოება. ამდენად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ უკუღმართი სისტემის ძირფესვიანად შეცვლის, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, დემონტაჟის გარეშე რეალურად რამე შეიცვალოს.
ამიტომაც ვწერდი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დამთავრებისთანავე: თუ ახალმა ხელისუფლებამ სისტემის დემონტაჟი არ დაიწყო, კოსმეტიკური ცვლილებებით "ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთ" სიტუაციაში აღმოვჩნდებით-მეთქი.
ჩემგან განსხვავებით ბევრს სამართლიანობის აღდგენა "ნაციონალური მოძრაობის" ბოსების ციხეში ჩაყრა ჰგონია, ასეთი მიდგომა ყოველთვის შობს შურისძიების ელემენტებს, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას დაპირისპირებულ ჯგუფებად და ნოყიერ ნიადაგს ქმნის ძალადობრივი სახელმწიფოს ფორმირებისთვის!..
ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ გამოსავალი არა წინა ხელისუფლებაში მოკალათებული დამნაშავე კასტის საზოგადოებისაგან იზოლირებაში, არამედ თამაშის ახალი წესების დამკვიდრების, სახელმწიფოს ახალი სისტემის ფორმირებაშია, რომელიც თავისუფალი იქნება ძალადობრივი ელემენტებისგან, თუმცა ვიდრე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესი არ დაიწყება და საზოგადოება ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის ბერკეტებს ხელში არ აიღებს, არაფერი გვეშველება!
ახლა ისევ უგულავას დავუბრუნდეთ: რატომ დაარღვია ხელისუფლებამ წინასაარჩევნო მორატორიუმი, რატომ არ დაელოდა არჩევნების მეორე ტურის დასრულებას და რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი მისი მოულოდნელი დაპატიმრება? ხომ არ არის ეს პოლიტიკური სიტუაციის ხელოვნურად ეკალაციის მცდელობა, რომელიც მასშტაბური ხასიათის არეულობაში შეიძლება გადაიზარდოს?!
საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლებას არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად დასჭირდა-ამით მან შექმნა სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყების ილუზია და არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ან რამდენიმე უგულავასნაირი ბარტყიც ზედ მიაყოლოს!
თუ 2012 წლის ოქტომბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ უგულავას დაპატიმრებას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობის აღდგენის(მთუმეტეს დამკვიდრების) პროცესთან და მოკლევადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. მითუმეტეს, ამ მოვლენის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა და პოლიტიკური ვაკხანალიის ხასიათს ატარებს!
სხვებისგან განსხვავებით, არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად იზარალოს თვით ხელისუფლებამ, არც იმას გამოვრიცხავ, უგულავას დაპატიმრება, რომელიც, როგორც ადრე ვთქვი, ფართომასშტაბიანი არეულობის მიზეზი შეიძლება გახდეს, თვით "ნაციონალებიდან" ჩანერგილი, ანუ "გაქოცებული ნაციონალების" ნაჩალიჩარი იყოს!
მართალია, უგულავას ცინიზმი და პიროვნულ შეურაცხყოფამდე დასული განცხადებები ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ ამ ყველაფრის გადამყლაპავ ხელისუფლებას უნდა ჰყოფნოდა ჭკუა პროვიკაციებს არ წამოეგებოდა და არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე მაინც უნდა მოეთმინა. ვითარება გვიჩვენებს, რომ "ნაციონალებს" ყველა ნაბიჯი წინასწარ აქვთ გააზრებული და ყველანაირად ცდილობენ მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ!..
ასეა უგულავას შემთხვევაშიც, მათ, როგორც იტყვიან, ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირეს, როგორც უკვე დატუსაღებული უგულავა აცხადებს მან ხელისუფლებას ნიღაბი ჩამოხსნა და პოლიტიკური დევნილის მანტიაც მოისხა, რითაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო (თუნდაც ქეთრინ ეშთონის განცხადება გავიხსენოთ), მეორეც, ხელისუფლების არასწორ ნაბიჯზე ის ადამიანებიც ალაპარაკდნენ, ვინც აქამდე "ნაციონალებთან" არც თუ ისე "ლაით" დამოკიდებულებაში იყვნენ.
ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ გიგი უგულავა შეიძლება გახდეს ადრე დაანონსებული "თბილისური მაედნის"კატალიზატორი, სამწუხაროდ, ყველაფერი იქითკენ მიდის!
ზაურ ნაჭყებია