ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ედუარდ შევარდნაძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწე საბჭოთა იმპერიის დაშლის სტადიაზე და პოსტ-საბჭოთა საქართველოსთვის, რომლის ისტორიაში ადგილის უფრო ზუსტ შეფასებაზე, ისტორიკოსებს კიდევ დიდხანს მოუწევთ მშაობა.
2003 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი ვთქვით, პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემითა და ქვეყნის ცივილიზებული იმიჯისთვის. უფრო მეტიც, ჩემი განკარგულებით მას შეუნარჩუნდა სახელმწიფო რეზიდენცია და პრეზიდენტის სხვა პრივილეგიები, ვფიქრობ, ეს სწორი იყო. ამ აზრზე ვრჩები მას შემდეგაც კი, რაც თავად პრეზიდენტი შევარდნაძე პრესის საშუალებით მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს, ჩემი და ჩემი მომხრეების დევნისა და დაპატიმრებისკენ.
დღეს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით, არის ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კუთხეც.
ღმერთმა გაანათლოს მისი სული!"