ივერიონი / ან ახალი დავით აღმაშენებელი გვჭირდება, ან ეკლესიამ უნდა აიღოს ხელში სახელმწიფოს მმართველობა!

ან ახალი დავით აღმაშენებელი გვჭირდება, ან ეკლესიამ უნდა აიღოს ხელში სახელმწიფოს მმართველობა!

ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რაღაცას უარი უნდა ვუთხრათ“ - ამ სიტყვებით მიმართა საკვირაო ქადაგებისას სამების ტაძრის მრევლს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

ქადაგების მოსმენისას ისეთ შთაბეჭდლება დამრჩა, რომ ამბიონიდან საზოგადოებას არა სასულიერო პირი, არა მღვდელმთავარი, არამედ ერისკაცი მიმართავდა.

საკამათო არ არის, რომ ის, რაც მეუფემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოს სისხლხორცეული პრობლემაა და ერი და ბერი თავიანთი კომპეტენციისა თუ უფლებამოსილების ფარგლებში მის გადასაწყვეტად უნდა ირჯებოდეს. კითხვის ნიშანს უფრო ბადებს ის, უნდა გაკეთდეს თუ არა პოლიტიკური შეფასებები ამბიონიდან - არა აქვს მნიშვნელობა, ეს ხელისუფლების მხარდასაჭერი განცხადებებია თუ პირიქით.

არ მინდა განკითხვაში ჩავვარდე, მაგრამ ერთ მოკრძალებულ კითხვას (მომიტევოს უფალმა კადნიერება) მაინც დავსვამდი:
ხომ არ აჯობებდა, მრევლთან უფრო ზოგად პრობლემებზე და ტრადიციებისა თუ ფასეულობებისადმი ერთგულებაზე გვესაუბრა, ვიდრე, კონკრეტულად ამა თუ იმ ხელისუფლების დანაშაულზე, ან თუნდაც არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე?!

გვინდა, არ გვინდა, ესეთი განცხადებები მიაინც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ხშირ შემთხვევაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეკლესიის წინააღმდეგ განაწყობს კიდეც.

მიმძიმს იმის თქმა, დღეს რომლის აუცილებლობა უფრო არსებობს - დავით აღმაშენებლის, რომელმაც ეკლესიის რეფორმა ჩაატარა, თუ პირიქით, ეკლესიამ უნდა აიღოს ხელში საერო მმართველობაც (მახსოვს, ადრე ზოგიერთები გამოდიოდნენ ინიციატივით პატრიარქს შეეთავსებინა პრეზიდენტობაც), მაგრამ, რაღაც რომ ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს, ცხადია.

ახლა ისევ საკვირაო ქადაგებას დავუბრუნდები: მეუფე იაკობმა ამომწურავად ისაუბრა იმ უარყოფით მუხტზე, რაც საზოგადოებაშია დაგროვილი ყოფილი რეჟიმის მიმართ. ამასთან, ხაზი გაუსვა იმასაც,რომ ხელისუფლებაში მათი დაბრუნება არ უნდა დავუშვათ.

მეუფეს უნდა დავეთანხმოთ იმაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან ისეთები, რომლებიც არ გარეულან რეჟიმის ძალადობრივ საქმიანობაში, მაგრამ, თუ ისევ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდათ, მაშინ „სხვა ბრენდით“ უნდა დაბრუნდნენ!

სავსებით გასაგებია მისი პოზიცია ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვასთან დაკავშირებითაც, თუმცა ქორეპისკოპოსს, სამწუხაროდ, არ დასცდენია საყვედური ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც სასამართლო სისტემა ისევ ძველი რეჟიმის განკარგულებაში დატოვა და ახლა უნდა ველოდოთ, როდის გაივლის „კონსტიტუციური ვადა “ და კიდევ რამდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს გააფუჭებენ ისინი.

ის, რომ „სასამართლოში ყველა იგივე დარჩა და სასამართლო ძველი გავლენებისგან არ განთავისუფლებულა“,  მხოლოდ და მხოლოდ ახალი ხელისუფლების ბრალია და არა საზოგადოების, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ამაოდ ელოდება!..

„თუ გაშინებენ, გაპატიებთ“, მიმართავს მეუფე იაკობი მოსამართლეებს და ამბიონიდან მოუწოდებს, არ მიიღონ უკანონო გადაწყვეტილება და საბოლოოდ განთავისუფლდნენ „ძველი გავლენებისგან“!.

მომიტევოს უფალმა, მაგრამ ეს მგლის თავზე სახარების კითხვას უფრო ჰგავს და არა მგონია, რომელიმე მოსამართლემ ყურად იღოს მღვდელმთავრის შეგონება, რადგან ძველი კერპები ჯერაც არ დამსხვრეულა და ისიც არ ვიცით, როდის იქნება ამის ნება ქვეყანაში -ძველ ტიკში ახალ ღვინოს ხომ არ ასხამენ?!

მღვდელმთავარი ქადაგებაში იმ „ერთ კაცსაც“ ახსენებს, რომელიც უცხოეთშია გადახვეწილი და იქიდან ჭკუას გვარიგებს, თუ გვემუქრება.

იგი მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომელიც მძევლად ჰყავდა სააკაშვილის ხელისუფლებას, მაგრამ არაფერი გაუფუჭებიათ: დაბრუნდნენ ერის წიაღში და იმ ერთ კაცს სამარეში არ უნდა ჩაყვნენ!..

ჩემს მიერ მოხმობილი ქადაგების ამონარიდებიდან კარგად ჩანს, რომ მეუფე იაკობი ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებს ეხმიანება და მრევლს დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

ცხადია, ეკლესია ვერ იქნება გულგრილი, როცა ერის ყოფნა-არყოფნა ბეწვზე კიდია, მაგრამ მე უფრო მერჩივნა, იმ სიტყვების (ქადაგებას ვგულისხმობ) უკან ერისკაცი მდგარიყო, რომელსაც მორალური უფლება ექნებოდა საზოგადოებისთვის ასე გულწრფელად და პირდაპირ მიემართა და ბრძოლის გზაც ეჩვენებინა!

ეკლესიას მაინც თავისი ფუნქცია გააჩნია და ეს უმთავრესად ერის გამთლიანებაში გამოიხატება. რაც შეეხება პოლიტიკას და ზოგადად სახელმწიფოს მართვას, ეს ერისკაცების საქმეა, რომელიც ეკლესიის წიაღიდან უნდა ამოვიდენენ!

ზაურ ნაჭყებია

7-07-2014, 17:38
უკან დაბრუნება