საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის 1/2/563 განჩინებით (საქმე "ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ") "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ზოგიერთი დებულების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთოს, რამდენადაც ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება სასამართლოს საქმიანობის მიმართ გამოხატულ დაინტერესებას, მათ შორის, კრიტიკული შეფასებებისა და მოსაზრებების არსებობას. თუმცა, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების მეტწილად მცდარ ინტერპრეტაციას ეფუძნება.
საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელისათვის მიწის საკუთრებაში ქონის ამკრძალავი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო ჯერ კიდევ 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ("დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა განმეორებით კვლავ დააწესა მსგავსი შინაარსის შეზღუდვა. 2012 და 2014 წელს მოქმედ რეგულირებებს შორის განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ პირველ შემთხვევაში, უცხოელთან მიმართებით აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით მოქმედებდა, ხოლო მეორე შემთხვევაში დროებით - 2014 წლის 31 დეკემბრამდე. თუმცა ორივე საქმეზე უცხოელი ფიზიკური პირების მიმართ მიწის საკუთრებაზე დაწესებული აკრძალვა იყო სრული (ბლანკეტური), ხოლო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა და აგრარული სექტორის განვითარება. საკონსტიტუციო სასამართლომ როგორც ადრე, ასევე მოგვიანებით განხილულ საქმეში მიუთითა, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან და ღირებულ საჯარო ინტერესებს, თუმცა მათ მისაღწევად გამოყენებული საშუალებები, არც ერთ შემთხვევაში ობიექტურად არ უკავშირდებოდა ზემოთ დასახელებული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხოელებისთვის მიწის საკუთრების უფლების შეზღუდვა იმ პირობებში, როდესაც ისინი (უცხოელები) ამ უფლებას მოიპოვებენ თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფოს თუ კერძო პირის მიერ გამოხატული თავისუფალი ნების საფუძველზე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებენ მემკვიდრეობით ამ ქონებას ან საკუთრების უფლებას ფლობდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ეს უფლება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან ერთად დაკარგეს.
ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა უცხოელი ფიზიკური პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით არსებული სრული (ბლანკეტური) აკრძალვა, ეს არ გამორიცხავს კანონმდებლის უფლებამოსილებას, რომ შესაბამისი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტების დაცვით, გარკვეული სახის შეზღუდვები დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით.
ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისების (პრივატიზების) პროცესში სახელმწიფო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მის საკუთრებაში არსებული კონკრეტული მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ და ამ მიზნით, დაადგინოს ისეთი წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს არ უშლის ხელს განახორციელოს კანონმდებლობის სრულყოფა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება მიწის პრივატიზების პროცესის განახლების შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლოს უმთავრესი ვალდებულებაა, იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და დაადგინოს, შეესაბამება თუ არა კონკრეტული საკანონმდებლო ნორმა კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით ცალსახადაა გარანტირებული, რომ საკუთრების უფლება აქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე - უცხოელს. სასამართლო ვალდებულია, პირთა საკუთრების უფლება, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად, არაკონსტიტუციური ჩარევებისაგან თანაბრად დაიცვას.
საკონსტიტუციო სასამართლო იმედს გამოთქვამს, რომ, როგორც ამ გადაწყვეტილებაზე, ისე სხვა გადაწყვეტილებებზე პოლიტიკოსთა, ექსპერტთა თუ სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებები, კრიტიკა, დისკუსია დაეფუძნება მხოლოდ საფუძვლიან, სამართლებრივ არგუმენტებს.