ამ რამდენიმე დღის წინ „ივერიონის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჟურნალისტ ზაურ ნაჭყებიას სტატია „ან ახალი აღმაშენებელი გვჭირდება, ან ეკლესიამ უნდა აიღოს ხელში სახელმწიფოს მმართველობა“. როგორც მოსალოდნელი იყო, სტატიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი აშკარად იზიარებს ავტორის პათოსს, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც საკითხის ამგვარად დასმას არასწორად მიიჩნევს.
ამჯერად გთავაზობთ პუბლიცისტ ზვიად ნოდიას გამოხმაურებას ყოველგვარი სტილისტური ჩარევის გარეშე.
შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ავტორმა მეტად აქტუალური თემა საკითხის დასმის წესით შემოგვთავაზა და არა სუბიექტური კატეგორიულობით, ანუ თავადაც აინტერესებს - რა სჯობს, ისევ ქარიზმატული ლიდერის მოლოდინი, თუ სასწრაფო თეოკრატული წყობილება? ...
სხვათაშორის, მეც ბიპოლარული ორჭოფობა მეუფლება, როცა სასულიერო ინსტანციიდან მომესმის - „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე“, ოღონდ, ჩემი გაორება სხვა ხასიათისაა და თანდათანობით მოგახსენებთ. ჩემი პროტესტის განცდა, როდესაც შევარდნაძის არჩევნებისას საპატრიარქოდან მესმოდა - „მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან ცერა მარკირება, ნამდვილად არაა ანტიქრისტეს ბეჭედიო“- გამოწვეული იყო იმით, რომ ჩემი არჩევანი მე მეკუთვნის და არავის საქმე არაა, მას არჩევნებში გავხარჯავ, თუ სულის ცხონებას მოვახმარ. თანაც, თავიდან ყველაფერი ჩანასახია - ჯერ მარკირება, არიქა გაყალბებისგან დაზღვევის საბაბით, მერე ჩიპები კანქვეშ - დაზღვევის საბაბით, მერე ანტიქრისტეს ბეჭედი - მესიანისტური საბაბით და მერე „საპატრიარქო მიშველის“ მიჩვეულს სხვის ჭკუაზე მიყოლას? გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ სწორი ვყოფილვარ„ ხმას რომ არ ვაძლევდი მათ, ვინც ჩემს არჩევანს ქვეყნის საზიანოდ გამოიყენებდა, მაგრამ ზოგიერთებს, მიუხედავად მეუფე იობის გამოცდილებისა, რომელმაც პოლიტიკაში გარევა ინანა, ვერც შარშანწინდელი არჩევანით გაწბილებულმა მეოცნებეობამ ააღებინა ხელი მსგავს მოწოდებებზე.
აი, სწორედ აქ გვაქვს ერთნაირი თანხვედრა მე და ავტორს - „ქორეპისკოპოსს არ დასცდენია საყვედური ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც სასამართლო სისტემა ისევ ძველი რეჟიმის განკარგულებაში დატოვა და კიდევ რამდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს გააფუჭებენ ისინი“, ანუ, ასე დავძენდი - თუ ერთზე იტყოდა მოძღვარი, მეორესაც არანაკლებად მიდგომოდა, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ახალი ხელისუფლების უკმაყოფილოა. როდესაც ავტორი ამბობს - „საკამათო არაა, რომ ის, რაც მეუფემ აღნიშნა, საქართველოს სისხლხორცეული პრობლემაა და ერი და ბერი თავიანთი კომპეტენციისა თუ უფლებამოსილების ფარგლებში მის გადასწყვეტად უნდა ირჯებოდეს, მაგრამ ეპისკოპოსისათვის პოლიტიკური განცხადებებიო?“, იქვე ამასაც ამბობს - „ეკლესიას მაინც თავისი ფუნქცია გააჩნია და ეს უმთავრესად ერის გამთლიანებაში გამოიხატება. რაც შეეხება პოლიტიკას და ზოგადად სახელმწიფოს მართვას, ეს, ერისკაცის საქმეა, რომელნიც ეკლესიის წიაღიდან უნდა ამოვიდნენ-ო“... რომ არა, ეს დედააზრი, მე იქნებ არც გამოვხმაურებოდი ამ წერილს: ამჟამად ისეთ უსასოო მდგომარეობაშია ხალხი, რომ მთავრობის გაკრიტიკება, თუ ქვეყნის გამოქომაგება ამბიონიდან -- კაკალ გულში ფხანს და ამის იქით ვერ იხედება, თუ რას მოუტანს ეს ეკლესიას.
ამიტომაც, ზაურ ნაჭყებიას სტატიას ძირითადად უკმაყოფილოდ შეხვდნენ, რადგან მათმა მძაფრმა მოთხოვნილებამ - უმაღლესი ინსტანციიდან ვინმე გამოსარჩლებოდა ქვეყანას, არ მისცა ამ სტატიის გააზრების უნარი, თორემ მიხვდებოდნენ, რომ ავტორი სწორად ჭვრეტს - „ეს საქართველოს სისხლხორცეული პრობლემაა და ერი და ბერი მის გადასაწყვეტად უნდა ირჯებოდეს თავ-თავისი კომპეტენციის ფარგლებში... გვინდა არ გვინდა, ასეთი პოლიტიკური ხასიათის განცხადებები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეკლესიის წინააღმდეგ განაწყობს კიდეც...“ ... ნამდვილად ასე, და იცით რატომ?
იმიტომ, რომ ეს ქადაგება იყო ნაცების ცალმხრივი კრიტიკა, მაშინ როცა ერის უდიდესი ნაწილი ორივეს (ქოცების და ნაცების) წინააღმდეგია და უკვე სრულიად გაწბილებულიც, რის გამოც, დიდი საშიშროებაა, რომ სასულიეროთა პოლიტიკური არჩევანის ხელმოცარვის გამოისობით, ხალხმა იმედი, მოწიწება, რწმენა არ დაკარგოს ეკლესიისადმი...
სწორედ ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად, ავტორი ამჯობინებს -- „ეკლესიის წიაღიდან ამოზრდილი ერისკაცი გაუძღვეს პოლიტიკას და ზოგადად სახელმწიფოს მართვას“. განა, რამეა აქ გაუგებარი, ან აღმაშფოთებელი, თუ გაგებით მოეკიდები?! მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ვისარგებლებ სიტუაციით და ჩემს არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას აქაც გავაზიარებ, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ეწინააღმდეგება ზაურ ნაჭყებიას პოზიციას, თუმცა ასე არ გახლავთ...
დროთა ვითარებაში ყველაფერი უკუღმართდება და იცვლება, ის რასაც დღეს პოლიტიკა ჰქვია, აპოკალიფსისში გამოყვანილია როგორც „მეძავი“, რომელთანაც ამა სოფლის ძლიერი ქვეყნები მეძავობენ; რომ არა ეს საშიშროება - პოლიტიკის ორსახოვნება, ეკლესია მოვალეა ჩაერიოს ქვეყნის დაცემა-გადაგვარების წინააღმდეგ, რომელსაც, იმ დროში, როცა ეკლესია და ქრისტეანული სახელმწიფო ერთად იყო - ერთადვე იცავდნენ; დღეს კი, როცა გგონია, რომ შენს ქვეყანას იცავ, სინამდვილეში ხმალს იქნევ მსოფლიო პოლიტიკის სასარგებლოდ.
საერთოდ, ეკლესიას თავისი ბუნებითი საბრძოლო სულიერი ფუნქცია - მოვალეობა გააჩნია, მაგრამ ბიბლიიდან მოყოლებული და ქრისტეანული ისტორიის განმავლობაში, სიტუაციისდა შესაბამისად, ფიზიკური გადარჩენისთვის, გამონაკლისის წესისამებრ, ხმალიც კი უშიშვლია სამღვდელოებას...
ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ყოფილა ბერების კატეგორია, რომლებიც ფარიკაობას სწავლობდნენ, რათა კი არ დაეხოცათ, არამედ მახვილის ბრტყლად დარტყმით მოეგერიებინათ მომხდურნი... ეკლესიის „პოლიტიკაში“ ჩაურევლობა სულაც არაა ეკლესიის ისტორიული მახასიათებელი, არამედ ახალი, მოდერნისტული დროის მეთოდიკიდანაა, რათა ხალხი მორჩილება-მონობაში იყოლიონ და ეკლესია მართონ საითაც და როგორც სურთ.
დიახ, არაა დოგმა ეკლესიის უბრძოლველობა, მაგრამ ბრძოლასაც გააჩნია - თქმასაც და ქმნასაც... მახასიათებელი არც ფიზიკური ბრძოლაა, მაგრამ იგი იკონომიური თვალსაზრისით, არცთუ იშვიათად ახსოვს ისტორიას. აი, მაგალითად: „მაშინ ეტყოდნენ ეპისკოპოსნი:- ნუ მოღავლდებით და ნუ მოუღონოვდებით ბრძოლად მათდა. და ნუ დაუტოვებთ სარწმუნოებასა, სჯულსა და ჩვეულებასა თქუენსა, და ჩვენ ვიქნებით წინამბრძოლნი თქვენნი. და ჰყოფნდეცა ეგრეთ, ვითარცა მარაბდის ომსა ზედა მროველმან ეპისკოპოსმან ავალიშვილმან, რა მოიღო ზიარება, ეტყოდნენ: უკეთუ დღეს აღიღებ მახვილსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხვამან, და უკეთუ არა, უმჯობეს არს შენს მიერ“, ხოლო, იგი იტყოდა: „დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისტეს მცნებისა და არა მხოლოდ ჩემზედა, ამისათვის არ ვჰყო, უკეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახვილის ამღებმან“... სულმნათი ილია იმასაც ამბობდა - „სიცოცხლე მივეც, რომ შეეძლოს შენთვის სიკვდილიო“ და ამასაც - „ზარბაზნების დრო წავიდაო...“, მაგრამ ჩვენს ხელთაა სულიერი იარაღიც და სამართლებრივი ფორმები ბრძოლისა; ეკლესია ხომ ადამიანთა გაერთიანებაა და თუ ეს ადამიანები გააფუჭა გარესოფელმა, მაშინ ისინი ეკლესიის არსს გაამრუდებენ; ასეთ საბედისწერო ჟამს ირთვება და გვაერთიანებს თავდაცვის ინსტიქტი, რათა წინ აღვუდგეთ სატანის მოკავშირეებს, რომლებიც სულიწმიდის მტრობით ერჩიან ჩვენს სამშობლოს - „შეიყვარე მტერი შენი, მაგრამ ნუ გიყვარან მტრები სულიწმიდისანი“. როცა მოძღვარნი სდუმან, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა და განგაშის ზარები დავარისხოთ; თუკი ჩვენი თავდადებაა საჭირო, რომ მათ გადავეფაროთ, დაე დაცულ იყვნენ დრომდე, ოღონდ ოდესმე აიღონ სადავეები!
ვერ გაიგო საეკლესიო იერარქიამ, რომ მისი ძალა ღმერთშია და არა ამასოფლის არსენალში, მთავრობაში, მდიდრებში... მათი დასაყრდენი „დიდი რჯულისკანონია“ და მსოფლიო ეკლესიის საყოველთაო ერესის საწინააღმდეგო ანტიეკუმენიზაცია.
მივმართავთ სულიერ მახვილს, ანუ საღმრთო ძალას? - გაგვამარჯვებინებს ღმერთი! ეს, რაც შეეხება სულიერ ბრძოლას და რაც ეხება სამართლებრივ ბრძოლას, ესეც უნდა ვცადოთ... რაც უფრო შორდება კაცობრიობა ღმერთს, მით უფრო მკვიდრდება ესე სამყარო ბოროტებასა ზედა. პოლიტიკა შერაცხილია ბინძურ საქმედ, რის გამოც ქრისტეანენი თავს ვიკავებთ მასში გასვრისგან. ხოლო, სადაც შენ არა ხარ, როგორც კეთილის მოქმედი, იმ ადგილს იკავებს ბოროტ მსახური, ანუ მარიონეტებს დავუთმეთ სადავეები და გვიკვირს, რად არაა საქართველოს საშველი;
მაშასადამე, ეკლესიური საზოგადოება რომ მართლა მებრძოლი ქრისტეანობით გამოირჩეოდეს, იგი შექმნიდა იმ ატმოსფეროს, რაც გვიშობდა არა ბინძურ პოლიტიკოსებს, არამედ მონოლითურ სარწმუნოებრივ-ეროვნულ მოძრაობას, რომელიც, ერთის მხრივ, ეკლესიის სჯულისკანონიერი სიწმიდისა და არაეკუმენისტობისთვის იღვაწებს, მეორეს მხრივ კი - არ მიაკარებს ყალბისმქმნელელ პარტიებს საარჩევნო სისტემის მექანიზმთან, რამდენადაც ერის 90 პროცენტი ეკლესიის წევრია და მხოლოდ მათი ერთსულოვანი და უღალატო გაერთიანებაა საჭირო.
რას ნიშნავს ეს?
იმას, რომ რეფერენდუმ-არჩევნები ჩატარდება, მაგრამ არა მასონურად და მსოფმთავრობის შეკვეთისამებრ, არამედ, ზვიად გამსახურდიას დროინდელი ლეგიტიმური მთავრობის აღდგენით ჩატარებული ეკლესიურ-ეროვნული სასიცოცხლო და სამართლიანი ინტერესებიდან გამომდინარე. აქ მე წარმოვაჩინე სამართლებრივი შესაძლებლობა, თორემ ესაა პანაცეა და ხსნა-მეთქი - არ ვიჩემებ, რადგან მართლაც რომ ასე მოხდეს ყოველივე, ხალხი იმდენად პროგლობალისტია, რომ მაინც მათი მითითებით იმუშავებს და შესაკრებთა ადგილის გადანაცლებით ჯამი არ შეიცვლება; ანუ, მთავარია განვაგდოთ ძველი კაცი და შევიმოსოთ ახალი კაცით - ქრისტეთი და ეკლესიის განწმენდა-გაჯანსაღებით:
„თუ ჩემი კანონის მიხედვით იცხოვრებ, დაგიცავ მტრისგან...“ ეკლესია ჩვენ ამქვეყნადაც გვიცავს და იმქვეყნადაც მიგვიძღვის, მაგრამ თუკი მის საზღვრებს გავცდით, მის ცნობადობას გადავეჩვიეთ, მაშინ ისე მოგვივა, როგორც სამოთხიდან ახალგამოსულებს, რომლებმაც ღმერთი და ეშმაკი ვეღარ გაარჩიეს და გაკერპთაყვანისმცემლდნენ... იოანეს გამოცხადებისეული 666, რაზედაც ნაუწყებია-- „თუ რა არის - ბრძენი მიხვდებაო“, ზოგს შტრიხკოდი ჰგონია, ზოგს სხეულში ჩასმული მიკროჩიპი, (რომელიც, ჩემი აზრით, არც არაქრისტიანმა არ უნდა ჩაისვას, რადგან აზომბირებს ადამიანს) და ჩემი რწმენით კი, იგი აღნიშნავს ანტიქრისტეს ეპოქას, ხოლო, თავად ანტიქრისტეს ბეჭედი იქნება სულიერ-რელიგიური, ანუ ქრისტეს ეკლესიის ვერ გარჩევა ანტიქრისტეს ეკლესიისგან... თავადვე წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ქრისტეს წესრიგის მომხსნელი და ახალი მსოფწესრიგით ანტიქრისტე მომამზადებელი მსოფმთავრობისა და ქრისტეს ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობა?! -- გინდ „კონკორდატით“ და გინდ ეკუმენისტურად?!
რა აქვთ საერთო მათ ერთმანეთთან, გარდა იმისა, რომ კეისარს მიეცეს კეისრისა, თორემ თუ ღმრთისაც მიეცა კეისარს, მაშინ ქრისტე დატოვებს ასეთ ეკლესიას და ხალხი ვეღარ გაარჩევს ერთმანეთისგან ქრისტესა და ანტიქრისტეს ეკლესიებს, რაც იქნება სწორედაც ანტიქრისტეს ბეჭედი. ამიტომაც, მეპურემ პური გამოაცხოს, მღვდელმა სულიერი პური, კარგმა მსმენელმა და გამგონემ კი მოიგოს მადლი და ღმერთის გული....