ივერიონი / დონორების საკოორდინაციო შეხვედრა

დონორების საკოორდინაციო შეხვედრა

   საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დონორების კოორდინაციის სამმართველოს შექმნის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებმა მაღალი შეფასება მისცეს, - ამის შესახებ დონორების საკოორდინაციო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით 10 ივლისს გაიმართა.

   შეხვედრის მიზანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ახლადშექმნილი სტრუქტურული ერთეულის, დონორების კოორდინაციის სამმართველოს მისიისა და მანდატის გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენტოებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა. 

   საქართველოს მთავრობის და წამყვანი დონორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საერთაშორისო დახმარების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ორმხრივი ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებაზე. პირველი საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზატორია დონორების კოორდინაციის სამმართველო გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით. 

   მთავრობის მხრიდან ცენტრალურ დონეზე დონორების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ერთეულის არსებობის საჭიროებას დონორი ორგანიზაციები საქართველოში დიდი ხანია ხედავენ. დონორების კოორდინაციის სამმართველო დონორთა დახმარების მიმდინარეობისა და შედეგიანობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საგარეო დახმარების ეფექტური კოორდინაცია, დონორების ძალისხმევისა და რესურსების მიმართვა სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებზე.

 

12-07-2014, 00:07
უკან დაბრუნება