პრემიერის განმარტებით, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; უმნიშვნელოვანესი პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი; სტამბულის ეუთოს 1999 წლის სამიტი - ისტორიული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, "წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა; ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ნატოს პრაღის 2002 წლის ნოემბრის სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრიანების თაობაზე.
-„ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ედუარდ შევარდნაძის სახელი დიდხანს დარჩება მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამგლოვიარო ცერემონიას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
ასვე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო მიღებას დაესწრო. მიღებაზე მაღალი რანგის სტუმრები, საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.