როგორც წესი, თითქმის ყველა პოლიტიკოსი, განსაკუთრებით კი უსინდისო ხელისუფალი ცდილობს, რომ სახელმწიფო მოწყობაში, ქვეყნის განვითარებასა და მის წინსვლაში საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მოახდინოს, "ჯერ არ ნახულ" პროგრესსა და "მზრდად" დინამიკაზე მიაპყროს საზოგადოებრივი მზერის ფოკუსირება და სამამულო ისტორიის ათვლის წერტილად თავისი პიროვნული "მე" მოიაზროს.
ყველა ავტორიტარული თუ დიქტატორული წყობილების ამბიციურ, ფლიდ ლიდერს გააჩნია თავისი ინდივიდუალური, თუმცა მაინც გაცვეთილი, არაენიგმატური, ზოგადად აპრობირებული მახასიათებლები თუ სიმპტომები. მათ საჯარო გამოსვლებსა და ცოფიან რიტორიკაში უხვად წააწყდებით სიზმრისეული ბოდვებისა თუ ილუზორული რეალობის ლიტონ და ტრაფარეტულ აფიშირებას, განსხვავებული აზრისადმი ისტერიულ გულისწყრომას, მომხიბვლელი სიცრუის მანქანებას, ტენდენციურ პროპაგანდასა და უსირცხვო აგიტაციას, რომელიც დაცლილია ყოველგვარი მორალისა და ზნეობრივი მსოფლ-შეგნებისაგან. ამასთან, ოდიოზურ ლიდერებს აღენიშნებათ შეუვალი იმპერატიულობა, როცა კომუნიკაცია გაწყვეტილია საზოგადოებასთან და გადაწყვეტილებებს ყოველგვარი დისკუსიების გარეშე ღებულობენ. ალბათ, ლაო–ძის სწორედ ამგვარ სიტუაციაზე ამბობდა შემდეგს: "პოლიტიკა არის ხელოვნება, გარიყოს ხალხი იმ საქმეებისგან, რომლებიც პირადად ამ ხალხს ეხება".
სამწუხაროდ, ზემოთ ნახსენები ყველა "ამაღლებული" უნარ–ჩვევითა და ადათ–წესით გამოირჩეოდა ჩვენი ერის მესიანისტურად "ნიჭიერი" ბელადი, ავანტურისტი რევოლუციონერი, საქართველოს რიგით მესამე, მაგრამ "ღვაწლითა" და "ტრიუმფალური მიღწევებით" პირველი პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოების – ქაჯოგადოებამდე გადაგვარებას ემსახურებოდა, რაც ნაწილობრივ წარმატებით მოახერხა კიდეც. უდაოა, რომ მისი მოღვაწეობის ხანა იყო საყოველთაო განსაცდელი, ერზე მოწეული სასჯელი, ზოგადსაკაცობრიო მასშტაბის სირცხვილი (თუ რატომ, ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) და იმ სიბრიყვისა თუ ძმადმოძულეობის საზღაური, რომელიც უახლოეს წარსულში ერთმანეთის მიმართ გამოვხატეთ, როგორც სამოქალაქო ომით, ისე შიდა მოროდიორობითა და წიოკით.
ვისურვებდი, რომ ზემოთ მოხმობილი, პრეზიდენტად წოდებული სუბიექტის მოღვაწეოება, ქართველი ერისათვის, ამიერიდან იყოს უდიდესი ისტორიული გაკვეთილი და გამოცდილება. ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა ვისწავლოთ ხელისუფალის ჯერ სწორად არჩევა, ხოლო შემდეგ კი მისი ფხიზლად კონტროლი.
* * *
"კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი წარვლენ". (ბიბლია)
ძვირფასო მეგობრებო, როგორც იქნა, დასრულდა და პოლიტიკურ ურნაში მოთავსდა: ათწლიანი ილუზორული ბედნიერება, ორწლიანი კეკლუცობა (კოჰაბიტაცია), მასიური დეპრესია, ტოტალური სიცრუე, საზოგადოებრივი შიში, აღვირახსნილი ტერორი, ბიზნესზე ძალადობა, ფასადური დემოკრატიობანა, ელიტარული თუ იატაკქვეშა კრიმინალი და ბოროტებაზე აგებული პოპულისტური ავანტურობის შავბნელი ხანა! თითქოს და ამ "ნაცმაცუნობის" პერიოდზე ამბობდაო როლანდ რეიგანი: – "ზოგიერთი მთავრობა ძუძუმწოვარი ბავშვივით არის: საოცარი მადა ერთ ბოლოში და სრული უპასუხისმგებლობა მეორეში".
ამ ხნის მანძილზე სულ მუდამ ჩამესმოდა ხოლმე ყურებში კანტის გამაფრთხილებელი გამონათქვამი: "როცა სამართლიანობა ქრება, მაშინ აღარაფერი რჩება ისეთი, რომ ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება მიეცესო". სწორედ ეს სიტყვები იყო ჩემი და მრავალი ჩემი მეგობრის შთაგონება თუ შინაგანი განცდების ასახვა.
ნიშანდობლივია, რომ "ვარდების რევოლუციის" მთავარი პერსონაჟი ხელისუფლებაში მოსვლამდე, მოჩვენებითად, მაგრამ მაინც, უპოვარებითა და პატიოსანი კაცის იმიჯით იქადოდა, ხოლო მას შემდეგ რაც თავად მან და მისსავე გუნდმა ხელთ იგდო ძალაუფლება, აშკარად წარმოჩინდა ელიტარული კორუფციისაგან გაზლუქებული ჩინოვნიკების თავაშვებულობა. როგორც ოტო ფონ ბისმარკი იტყოდა: "რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახორციელებენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკებიო." დიახ, სწორედ ნებადართულ ყაჩაღთა დაჯგუფებად იყო ქცეული "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პარტია, რომელმაც მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის მოიხმარა მთელი საქართველო (მარტო საპროცესო გარიგებები, სითი პარკი და პროკურატურის "ჯიზია" კმარა გასახსენებლად) და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით (თუ გნებავთ ბუკვალური გაგებითაც) დაუნდობლად გააუპატიურა მასში დავანებული ყველა ის საუნჯე, რომლითაც განისაზღვრება მცნება სამშობლო – ღმერთსა და ადამიანში გამოვლენილი.
მე პირადად, როგორც რიგითი მოქალაქე, არასოდეს შევგუებივარ უსამართლობას, სიცოცხლის, სიტყვის და საკუთრების უფლებათა ხელყოფას. არ ვყოფილვარ არასდროს ფამილარული იმ ავტორიტარული რეჟიმის წინაშე, რომელიც განსხვავებულ აზრსა და ეროვნულ ცნობიერებას ჯალათად ედგა უსულგულო სამსხვერპლოზე, არც მათ კარზე მიმსახურია უსინდისო ლაქიად, არც ღირსება არ გამიყიდია პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ, არც კონფორმისტული სილაჩრე არ გამომიხატავს მოძალადე ხელისუფლების წინაშე, არც გულგრილად და ნიჰილისტურად არ ჩამიქნევია ხელი ჩემი ქვეყნის მომავალზე ფიქრისას და არც თვალახვეულს არ მივლია საყოველთაო თუ კერძო უბედურებებისას. უფლის მადლით ყოველთვის ვინარჩუნებდი განსჯის უნარს და მუდამჟამს საჯაროდ, წერითა თუ სიტყვით დაუღალავად ვაკრიტიკებდი და ვამხელდი დანაშაულებრივ მთავრობასა და მის უნამუსო მეხოტბეთ. მიუხედავად იმდროის აპათიისა და ინფანტილური ფონისა, მიუხედავად გულში მრავალგზის სევდანარევი ცრემლისა და მტანჯველი დარდისა, მე მაინც მჯეროდა კეთილი ხვალინდელი დღისა, მართალი ადამიანების ლოცვის ძალისა, გულანთებული და პატიოსანი მოქალაქეების დაუცხრომელი გარჯისა და უფლის მოწყალებისა.
საბედნიეროდ, იმ ავბედითი ხვედრისა და მტკივნეული სახადის საფუძველზე, ერი გაიზარდა, განვლილი განსაცდელისაგან სწორი დასკვნები გამოიტანა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუდგა. ეს უკვე შეუქცევადი ზეაღსვლის გარანტია.
მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანისა, ვინც არ დამონებია ტყუილს, მოჩვენებით სიკეთეს, მერკანტილურ ამბიციებს, სხვის ხარჯზე მოწყობილ ფუფუნებას, ეგოისტურ ზრახვებსა და პიროვნულ კომპლექსებს. ვეთაყვანები ყველას, ვინც ხმა აიმაღლა და შეაკვდა სიმართლისა და ჭეშმარიტებისათვის ბრძოლას. სიხარულით უნდა ვთქვა, რომ ვიცნობ ისეთებს, ვისაც აკაკისეული ლოზუნგი – "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარიო" – გულზე ოქროს ასოებით აქვს ამოტვიფრული. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, გარშემო ვხედავ ისეთებსაც (რომელნიც არც სისტემურ წამებებს, არც მკვლელობებსა და იმ უსაშინლეს ტერორს, რომ არ იმჩნევენ), წინა ხელისუფლების ბოროტ რეჟიმს, რომ ურცხვად მისტირიან და ამჟამად ხელმოცარულობის ბოღმა და სარკაზმი ახრჩობთ. ასეთ ორპირებსა და გონებაგაყინულებს, უბრალოდ ან ფსიქიკური, ანდაც ჩვეულებრივ ზნეობრივი სახის პრობლემები აქვთ ხოლმე, რის გამოც ალბათ არც კი მოეთხოვებათ ადეკვატური და ღირსეული პოზიციები. თანაც, ზოგი ხომ გენეტიკურად, ან ორგანულად ანტია ყველაფერი მართალის მიმართ, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება ეს ყოველივე, რამეთუ დემოკრატიულ ველში განსხვავებულ აზრს, თუნდაც ის ამორალური იყოს, კანონის თანახმად არსებობის უფლება აქვს. სხვა საკითხია სულიერი პრიზმა. მაგალითად თუკი ლიბერალური სისტემა სამართლებრივად ათანაბრებს ამორალურს და ანტირელიგიურს – ზნეობრივთან და რელიგიურთან (რასაც ის ამართლებს ზნეობრივი ნეიტრალობის ლიბერალური პრინციპით), ქრისტიანობა რადიკალურად სხვაგვარად უდგება ცოდვისა და დანაშაულის მნიშვნელობას. ეს, მოცემული საკითხისგან ოდნავ განსხვავებული თემაა და შესაბამისად აღარ განვავრცობ.
აქვე მინდა მადლობა მოვახსენო დედა–ეკლესიას, რომელმაც გასაჭირში არ მიატოვა თავისი ერი და მაშინ როცა ხელისუფლება ხელს იღებდა ქვეყანაზე ზრუნვისგან, სასულიერო დასმა (იგულისხმება მათი უმრავლესობა და არა ყველა) იტვირთა მათი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, იმისათვის რათა ელემენტარულად გადარჩენილიყო ჩვენი იდენტობა და ზოგადად მცნება – იმედი.
დღევანდელ ხელისუფლებას კი, რომელსაც ურთულესი საშინაო თუ საგარეო გამოწვევების წინაშე უწევს მოღვაწეობა, მინდა მოვუწოდო სამართლიანობისკენ, კანონიერებისა და ჰუმანურობისკენ. დაე, ახსოვდეთ წინამორბედთა შეცდომები და ისწავლონ საკუთარი სისუსტეების აღიარებაც, რაც შეიძლება მეტი და უშუალო კონტაქტი დაამყარონ საზოგადოებასთან, მოიჭირონ ქამრები და მოეშვან დახარბებულ პროვინციალიზმს, მხოლოდ წარსულის მონაცემებთან ნუ შეადარებენ თავიანთ მეცადინეობას, რადგან გასულ ხანასთან მიმართება, არ შეიძლება ჩაითვალოს წინსვლის ბარომეტრად, რამეთუ ის იყო ნამდვილი უფსკრული, სტაგნაცია და დახუთუილობა, ამიტომ მასთან შედარებით ყველა სხვა განზომილება ჩვეულებრივ ღვთიურიც კია, თუმცა ეს არ კმარა, მაშინ როცა ხალხს რეალური პრობლემების გადაჭრა სურს. პროგრესი თითქოს აშკარაა და თვალში საცემი, მაგრამ გაცილებით მეტი მოგეთხოვებათ და ამიტომაც კრიტიკას არ მოგაკლებთ. ადექით და მოუმატეთ სამუშაო ტემპს და რაც მთავარია, დროულად დაასაქმეთ მოსახლეობა, სანამ ყველას პროფესიად ექცა თქვენი ლანძღვა! იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მიგვაბრუნოთ წიგნის, სპორტის, დასვენებისა და ნორმალური ცხოვრებისაკენ, დაიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და უფლებები და დაგვავიწყოთ თემა – პოლიტიკა.
"ნაც–ბომონდს" კი შევახსენებდი, რომ დღეს სწორედ ახალი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული დემოკრატია და კანონი გიცავთ თქვენი რეჟიმის მსხვერპლთა ანგარიშწორებისგან და მარტო ამაშიც ცხადად იგრძნობა არსებითი სხვაობა თქვენსა და ამათ შორის. როგორც ჟურნალისტი გიორგი უძილაური იტყოდა: "სინდისის დეფინიცია, რომ ესმოდეს "ნაციონალურ მოძრაობას", იგი მადლიერების სანთლებს უნდა უნთებდეს კოალიცია "ქართულ ოცნებას", გაწამებული ხალხის რისხვას, რომ გადაარჩინა და ცივილიზებულად მოიყვანა დღევანდელ დღემდე. ეს ხელისუფლება არ გაჰყვა მათ მიერ გათელილ გზას და არჩია ეხელმძღვანელა იმ კონსტიტუციით, რომელიც "ნაცებმა" მოსვლიდან ერთ თვეში გააუპატიურეს და ფეხქვეშ გათელეს."
რევანშიზმის მომხრე არ ვარ, არც სისხლი მწყურია და არც არავის საპატიმროში ხილვა მეამებოდა, თუმცა მე, შენ და სხვა კი ვაპატიებთ, მაგრამ სახელმწიფომ როგორ უნდა აპატიოს ამა თუ იმ პირს კანონდარღვევა და ზოგადსაკაცობრიო დანაშაულები, ეს არ ვიცი. ამიტომ წინაც და ახალი მთავრობაც ერთნაირად ვალდებული უნდა იყოს პატიოსნებისა და წესიერების, კონსტიტუცისა და მორალის წინაშე. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ხელშეუხებლობის იმუნიტეტი არ უნდა იცავდეს მას!
ღმერთს ვთხოვ, რომ მაღალზნეობრივ, მორალურ, ჰუმანურ, ინტელექტუალურ და სოლიდარულ საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცეს და გაგვზარდოს ნამდვილი სულიერი ღირებულებების მიხედვით, სადაც დაცული იქნება თითოეული პიროვნების სიცოცხლე, სიტყვა და საკუთრება; სადაც პრიორიტეტი მიენიჭება ოჯახის ინსტიტუტსა და მის სიწმინდეს, უმწიფარი და მოზარდი თაობის ჯანსაღ აღზრდასა და მათთვის მაღალი დონის განათლების მიცემას; სადაც მოხუცებს პატივისცემითა და ყურადღებით მოეპყრობიან, სადაც უხამსობასა და სიბილწეს პროგრესთან არ გააიგივებენ და ტრადიციულ ფასეულობებს გაუფრთხლდებიან; სადაც მთა თავის კოლორიტს შეინარჩუნებს და ბარი თავის ფუნქციას; სადაც ნარკომანიის მაგივრად სპორტით დაკავდებიან; სადაც დედას ისე მოექცევიან, როგორც ღვთისმშობლის ხატს; სადაც გინების ნაცვლად დალოცვას მოვისმენთ. ამინ
გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), მწერალი,
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.