“ზოგიერთი კომპანია ავანტურისტულ თამაშში ჩაება და სთავაზობს ფასდაკლებას მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ვერა და ვერ მოხერხდა საარჩევნო პროცესში ახალ-ახალი "კარუსელების"თავიდან აცილება.
გთავაზობთ იდეას: გამოვუცხადოთ ერთკვირიანი ბოიკოტი მაკდონალდს, გუდვილს, სმარტს, ვისოლს და ამ აქციაში ჩართულ ყველა სხვა კომპანიას და არ შევიძინოთ მათგან საქონელი.
p.s. წავედი ხვალ კარფურში! ან მოდით, გავახაროთ ერთი კვირა პატარა მაღაზიები! ვაშოვნინოთ ფული გლეხებს. ნურავინ გაბედავს საარჩევნო თამაშებს!
p.s. „არჩევნების მერე მთავრობას ეტყვიან, ჩვენ გაგამარჯვებინეთო და რაც ფასდაკლებით იზარალეს, ათმაგად ამოიღებენ! არ გაუკეთებიათ თუ რა? სირცხვილია! როდემდე უნდა შეეტენოთ ყველა მთავრობას, შევარდნაძით დაწყებული და ვინ იცის, კიდევ ვისით დამთავრებული თუ არდამთავრებული!!!“ - წერს რომან გოცირიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
„ივერიონმა“ რამდენიმე კითხვით მიმართა მას.
- ბატონო რომან, იქნებ დააკონკრეტოთ რა იმალებოდა ამ ინიციატივის უკან და იმოქმედა თუ არაამ ავანტიურამ არჩევნების მომსვლელთა რაოდენობაზე?
არა მგონია ამ ფასდაკლებებს რაიმე გავლენა მოეხდინა არჩევნებში მონაწილეთა რიცხვზე. თუნდაც იმიტომ, რომ ცუდი რეაქცია მოჰყვა მედიის მხრიდან. ზოგიერთმა ელჩმაც დიპლომატიური ენით, მაგრამ მაინც გასაგებად, ეჭვი შეიტანა ამ მინიციატივის მართებულობაში.
ამ აქციის უკან ორი კურდღლის დაჭერის სურვილი იმალებოდა: ხელისუფლებისთვისაც ესიამოვნებინათ და გაყიდვებივ გაეზარდათ. ფასდაკლებით გამოწვეულ ზარალს გადაფარავდნენ მყიდველების რაოდენობის ზრდით მიღებული შემოსავლით. იფიქრეს, დაბალშემოსავლიანი ამომრჩევლების ხარჯზე, რომელთათვისაც 5-20 პროცენტიანი ფასდაკლება რაღაცას ნიშნავსო, ფულსაც ვიშოვითო. ძალიან არასწორი მარკეტინგული გათვლა იყო. ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელში, მედიაში. შედეგი საპირისპიროა. თანაც ეს ინიციატივა ისეთი კომპანიებიდან მოდის, რომლებიც ყოველთვის შემჩნეული იყო საკუთარი ბიზნესის კეთებით ხელისუფლებასთან ერთად. ახლა, მათი ჭკუით, მიეცათ შანსი დაშორდნენ წარსულს და მიეტმასნონ ახლებს. ესეც გახდა საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი.
- როგორ ფიქრობთ ასეთი ბიზნესმენების ინიციატივების უკან ხელისუფლებასთან ქულების ჩაწერა და სარფიანი კონტრაქტების მიღების სურვილიც იმალება?
კი. ჩაპაევს ჰკითხეს, რომელ პარტიას უჭერ მხარსო. "პარტია-მარტია მე არ ვიცი, იმას ვუჭერ, სადაც ლენინიაო"!
ასეა ჩვენი ბიზნესიც: იმას უჭერენ მხარს, სადაც ფულია. ამიტომ გვყავს "გასტროლიორი" ბიზნესმენ-დეპუტატები, პარტიიდან პარტიაში მოსეირნეები.
ესაა პირდაპირი მოსყიდვა და მიკვირს საარჩევნო კომისიის არაკომპეტენტური განცხადების.
ამომრჩეეველთა რაოდენობა პირდაპირ კავშირშია არჩევნების შედეგთან. ამასთან, იმ კატეგორიის ადამიანთა წახალისება, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია 5-20 პროცენტიანი ფასდაკლება, ასევე არის ზემოქმედება განსაზღვრულ სოციალურ ჯგუფზე, მათი მანიპულირება. მაგალითად რომ გამოეცხადებინათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, პურზე ექნება ფასდაკლებაო, ეს კიდევ უფრო დაკონკრეტება იქნებოდა მიზნობრივი ჯგუფის.
ეს კომპანიები, ისევ ვიმეორებ, ყოველთვის იყვნენ შემჩნეულები ხელისუფლებებთან თბილ ურთიერთობებში და თავიანთი ჭკუით მიაგნეს( თუ მიაგნებინეს) გაცივებული ურთიერთობების დათბობის ხერხს!
- ხომ არ ირღვევა ამით ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა?
გარკვეულწილად ირღვევა კეთილსინდისიერი კონკურენციის კანონიც. ესეც კარგად არის სანახავი ანტიმონოპოლიურ კანონში. კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ ასეა.ზნეობრივად ცალსახად არაკეთილსინდისიერი პრაქტიკაა.
- ამბობენ, რომ ამერიკაშიც მომხდარა ასე.
კი, ყავის რეალიზების ქსელის, სტარბაქსის მაგალითი მოჰყავთ. იქ სულ სხვა კანონმდებლობაა და სხვა საარჩევნო რეალობა. არჩევნებზე არმისვლაც მის შედეგზე გავლენის მომხდენია. ჩვენთან განსაკუთრებით და კიდევ უფრო განსაკუთრებით დღევანდელ კონკრეტულ, ადგილობრივ არჩევნებში. ეს შედეგზე ზემოქმედების ტოლფასი ქმედებაა ირიბად.
- რა შედეგი მოიტანა უშუალოდ ფირმებისთვის ამ ინიციატივამ?
ამ ფირმების დისკრედიტაცია პირველ რიგში. მათი არც თუ კეთილსინდისიერი ბიზნესწარსულის თემის ხელახლა გააქტიურება. იქნება პოლიტიკური სპეკულაციებიც. პირველ რიგში დამარცხებულთა მხრიდან და არჩევნებზე ბიზნესისა თუ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარი. არავინ დაიჯერებს, რომ ეს არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული აქცია (მართლაც რომ არ ერიოს ამაში ხელისუფლების ხელი).