არჩევნების მეორე ტურიც გადავაგორეთ. დავით ნარმანია უკვე თბილისის არჩეული მერია, რასაც გულწრფელად ვულოცავ.
ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: გიგი უგულავას მერობის ფონზე, რომელიც პოლიტიკური მატრაბაზი უფრო იყო (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), ვიდრე, დედაქალაქის მერი. ნარმანია უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია - მას ზედმეტად არც პოლიტიკური ამბიციები აწუხებს და არც ხაზინის ქურდად გადაქცევის სურვილი ექნება!
მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ კანდიდატმა დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ დავით ნარმანია დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობით არჩეული მერია. ოფიციალური მონაცემებით, მეორე ტურში ამომრჩეველთა მხოლოდ 34 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებას არჩევნების მიმართ „უნდობლობის ბაცილა“ შეეყარა და რომ არა „ნაციონალების“ კანდიდატის აგრესიული წინასაარჩევნო კომპანია, ამომრჩეველთა აქტიურობა კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა. ერთი სიტყვით, დავით ნარმანიას ხმა მისცეს ნიკა მელიას წინააღმდეგ!
სიმპტომატურია ისიც, რომ როგორც ადრე, ამ შემთხვევაშიც ამომრჩეველს არჩევანის საშუალება არ ჰქონდა - ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ დედაქალაქის მართვის სადავეები „ნაციონალებს“ ხელში არ ჩაეგდოთ...
უფრო საინტერესო და ბუნებრივიც იქნებოდა, მეორე ტურში ნარმანია და ლორთქიფანიძე შეხვედროდენ ერთმანეთს, მაგრამ ეს წინასწარვე გამოირიცხა - ლორთქიფანიძე ნინო ბურჯანაძესთან ასოცირებული აღმოჩნდა, რამაც მის მიმართ არსებული სიმპათიები გაანეიტრალა დაიგი მეორე ტურს გამოეთიშა.
ახლა არ ღირს კამათი იმაზე, ლორთქიფანიძე უკეთესი მერი იქნებოდა თუ დავით ნარმანია - არჩევანი უკვე გაკეთებულია და წარმატებები უნდა ვუსურვოთ „ოცნების“ კანდიდატს. დამაფიქრებელია ის სტატუს-კვო, რაც არჩევნების მეორე ტურმა გამოავლინა-„ოცნების კანდიდატებმა ყველა ქალაქსა და რაიონში გაიმარჯვეს და საქართველოს ყველა რეგიონში ფაქტიურად ერთპარტიული დიქტატი დამყარდა.
ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვსო - ამ შედეგებით წერტილი დაესვა საბოტაჟს ადგილებზე და ხელისუფლებას უკვე თავის მართლების (საკუთარი უმოქმედობის სხვაზე გადაბრალების) საშუალება მოესპო, მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც, რომელიც მეტად საშიშ სიმპტომებს შეიცავს - აბსოლუტურმა ძალაუფლებამ შეჩვევა იცის, რაც თითქმის ყოველთვის უკონტროლობაში გადადის და ფაქტობრივი დიქტატურით მთავრდება ხოლმე!
ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერი დაგეგმა, წინასწარვე გათვალა, რომ მომავალ ხელისუფლებას მხოლოდ ერთადერთი ხელოვნური ბარიერი (ოპონენტი ამ შემთხვევაში ზედმეტია) უნდა დარჩენოდა „ნაციონალების“ სახით, რომელმაც ასე შეაძულა თავი საზოგადოებას და რომლის ხელისუფლებაი დაბრუნებას ცოცხალი თავით არ დაუშვებდა.
თითქმის ორწლიანი დაკვირვება ცხადყოფს, რომ ამ კოზირს შესანიშნავად იყენებს „ქართული ოცნება“ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ერთადერთ ოპოზიციად მარგინალიზებული „ნაცმოძრაობა“ ჰყავდეს და სხვა ძალების შემოსვლას ხელი შეუშალოს.
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება არჩევანის გარეშეა დარჩენილი და თუ რამე არ შეიცვალა, მომავალ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით სრულ ერთპარტიულ დიქტატს მივიღებთ!..
ექსპერტები თვლიან, რომ მეორე ტურის წინ გიგი უგულავას ნეიტრალიზებამ დადებითად იმოქმედა „ქართული ოცნების“ შედეგებზე. უკვე ხმამაღლა ამბობენ იმაზეც, რომ შესაძლებელია გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძის, გიორგი ბარამიძის და სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ზოგიერთები უფრო შორსაც მიდიან და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასაც არ გამორიცხავენ.
წინასწარ ძნელია იმის თქმა, გაგრძელდება თუ არა დაჭერობანას თამაში, მაგრამ ამით სამართლიანობა რომ არ დამკვიდრდება ქვეყანაში, ცხადია.
რაც შეეხება საკუთრივ სამართლიანობის აღდგენას, რომელიც ყოველ მეორეს პირზე აკერია, ყალბი ლოზუნგია. იქნებ ვინმემ ამიხსნას, როდის იყო სამართლიანობა ქვეყანაში, რომ აღდგეს?!
„ნაციონალებმა“ უსამართლობის ჭაობში გვამყოფეს, მაგრამ არც შევარდნაძის ზეობის პერიოდში ჰყვაოდა სამართლიანობა საქართველოში. ასე რომ, დაჭერებით და სხვაპოლიტიკური შოუებით სამართლიანობის აღდგენაზე კი არ უნდა „ვიოცნებოთ“, არამედ, სამართლიანობის დამკვიდრებაზე, რომლის მიღწევა მართვის „ნაციონალური“ სისტემის შენარჩუნებით უბრალოდ შეუძლებელია.
თუ დღევანდელ ხელისუფლებას მართლაც სურს სამართლიანობის დამკვიდრება ქვეყანაში, უნდა დაიწყოს მემკვიდრებით მიღებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და ხელი შეუწყოს პარტიული ნიშნით შერჩეულ და გაზულუქებულ მოხელეთა არაპროფესიონალებით ჩანაცვლებას.
არადა, არჩევნების მეორე ტურის შედეგებით გამოწვეული ხელისუფლების აღტაცება გვაფიქრებინებს, რომ იგი უკვე ხიბლშია, ხოლო ხიბლიდან უკონტროლობამდე, მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
თვითმმართველობის არჩევნებმა ისიც დაგვანახა, რომ ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკური მოუსავლეთისთვისაა გამზადებული და ისინი ვერ შეძლებენ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას.
დამაფიქრებელია ის ნიჰილიზმიც, რომელიც არჩევნების მიმართ გამოიჩინა საზოგადოების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, უმეტესად მაინც მოტივირებული ამომრეველი იყო).
ხალხს ამ პოლიტიკური შოუს მიმართ აპათია გაუჩნდა და პროტესტიც ადექვატურად გამოხატა. არ არის გამორიცხული, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ნიჰილიზმმა კიდევ უფრო იმატოს!
რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რომ თავისი ინერტულობა ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეს?!
სადავო არ არის, რომ პოლიტპარტიებს უკვე არავინ ენდობა - რაც არ უნდა ლამაზად შეფუთული სახელწოდებით გამოჩნდეს ვინმე, ლოზუნგები უკვე აღარ ჭრის - ხალხს ყალბი დაპირებები ყელში ამოუვიდა, რაღაც ახალია საჭირო. ოღონდ, არა არსებული პოლიტიკური პარტიების ტყუპისცალი - სახელისა და გვარის ცვლილებას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, თუ შინაარსიც არ შეიცვალა. ამ „ახალში“ ძველი, პოლიტიკურად გაცვეთილი სახეების ხედვაც საშიშია. მათ უკვე თავისი დრო მოჭამეს.
არადა, ფაქტიურად ერთპარტიული ხელისუფლების უკონტროლოდ დატოვებაც სახიფათოა - მას სერიოზული ოპონენტი სჭირდება, რომელიც „დაუკრეფავში“ გადასვლის საშუალებას არ მისცემს!
დიახ, დადგა დრო დაფუძნდეს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა (საზოგადოებრივი და არა პოლიტიკური), რიმელშიც ახალი სახეები, პოლიტიკურად არაანგაჟირებული თანამოქალაქეები გაერთიანდებიან და რომლის უპირველესი მიზანი არა სახელისუფლო ვერტიკალზე აცოცვა, არამედ, ხელისუფლებისკონსტრუქციული ოპონირება იქნება.
ცხადია, ასეთი სამოქალაქო გაერთიანება ყველაზე ნაკლებად აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ იგი სჭირდება საქართველოს უკეთეს მომავალს.
თუ სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს დავეყრდნობით, თანამოაზრეები საკმაოდ ბევრია, მინიშნებებით ბევრი საუბრობს ასეთი სამოქალაქო გაერთიანების დაფუძნების აუცილებლობაზე.
დროა საუბრიდან საქმეზე გადავიდეთ. რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ რა უნდა აკეთოს ამ სამოქალაქო გაერთიანებამ და ვინ შეიძლება გაერთიანდეს მასში, ეს ფართო მსჯელობის საგანია.
აჩქარება ვნებს საქმეს, მაგრამ დაგვიანება ორმაგად საშიშია!
ზაურ ნაჭყებია