ვიქტორ დოლიძე დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების შეხვდა.
დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტების შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნიდან გადინებული ინტელექტუალური რესურსის მოზიდვის მიზნით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან" ერთად, დიასპორული სტაჟირების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოს საჯარო სამსახურში მიმდინარე საქმიანობას, მუშაობის სპეციფიკას და იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოში ამჟამად არსებობს.
სტუდენტებთან შეხვედრისას, ვიქტორ დოლიძემ, ყურაღება გაამახვილა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მთავარ გამოწვევებზე. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება მან საქართველოსთვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. "შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, საქართველოს მთავრობას წინ დიდი სამუშაო ელის", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრისას და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით, პარლამენტის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ საფრთხეებს შეეხო. მან რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ამ მხრივ საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვიქტორ დოლიძის მოხსენების შემდეგ, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დიასპორული სტაჟირების პროგრამა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ქართველ ახალგაზრდებს საქართველოში არსებულ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება, რათა სამშობლოში დაბრუნების დროს მათი რეინტეგრაცია უფრო გაიოლდეს.
პროექტის ფარგლებში ორმოცამდე სტუდენტი ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთთვიან პრაქტიკას სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანიზაციაში გაივლის. პროექტის მონაწილე სტუდენტებისთვის დაგეგმილია საჯარო ლექციები და შეხვედრები მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან.