ივერიონი / მოსკოვის მეტროში დაზარალებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ კომპენსაცია 2 მილიონი რუბლის ოდენობით

მოსკოვის მეტროში დაზარალებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ კომპენსაცია 2 მილიონი რუბლის ოდენობით

   "სადაზღვევო ეროვნული კავშირის" პრეს-ცენტრის ცნობით მოსკოვის მეტროში დაზარალებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ კომპენსაცია 2 მილიონი რუბლის ოდენობით.

   ოპერატიული შტაბის ინფორმაციით 3 ადამიანი გარდაიცვალა და 50-ზე მეტი დაშავდა მოსკოვის მეტროში, არბატი-პოკროვოს ხაზზე მატარებლის შემადგენლობის რელსებიდან გადასვლის შედეგად. ამ დროისთვის ხაზზე მოძრაობა მთლიანად პარალიზებულია. 

   მოსკოვის მერი გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და არ გამორიცხავს, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

   წინასწარი ინფორმაციით კატასტროფის მიზეზი მეტროში ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნა გახდა, რამაც მატარებლის შემადგენლობა გააჩერა. გაჩერებულ მატარებელს კი შემდეგი შემადგენლობა მიუახლოვდა. მემანქანემ შეჯახების თავიდან აცილების მიზნით ავარიულად დაამუხრუჭა. სწორედ ამ დროს გადავიდა სამი ვაგონი რელსებიდან. მომხდარის შემდეგ 200 ადამიანი იქნა მეტროდან ევაკუირებული. 

   ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მეტრო სლავიანსკის ბულვართან რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დანაყოფებია მობილიზებული და რამდენიმე ათეული სასწრაფო დახმარების მანქანა. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებიც კი მონაწილეობენ. მეტროსადგურები "სლავიანსკი ბულვარი" და "გამარჯვების პარკი" დროებით დაკეტილია. დაინიშნა სპეციალური ავტობუსები მეტროსადგურებს-"კიევსკის" და "მალადიოჟნაიას" შორის.

 

15-07-2014, 11:46
უკან დაბრუნება