"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია " არჩევნების მეორე ტურს აკვირდებოდა. დღეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, ერეკლე კალატოზიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაფასა. მისი თქმით ხმის მიცემის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
-"აღსანიშნავია ის მცირედი ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც უბნებზე ფიქსირდებოდა, თუმცა, როგორც პირველი ტურისგან, ისე, წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით ამ ხარვეზების მნიშვნელობა და სიხშირე გაცილებით ნაკლები იყო. ხსენებული გარემოება მისასალმებელია და ქვეყანაში ზოგადად საარჩევნო სისტემისა და გარემოს გაჯანსაღებაზე მეტყველებს. ხაზი უნდა გაესვას რიგ შემთხვევებში ერთი შენობიდან საარჩევნო უბნების დეკონცეტრაციას, ანუ, მათი რაოდენობის მინიმუმადე დაყვანას, რაც წარსულში ამომრჩეველთა შორის დაბნეულობას იწვევდა. როგორც ჩანს, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ გაითვალისწინა წინა არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული რეკომენდაციები და შეეცადა მაქსიმალურად შეემცირებინა ხმის მიცემისას საარჩევნო უფლებისმქონე საქართველოს მოქალაქეთა გაურკვევლობაში მოხვედრის რისკი"-განაცხადა ერეკლე კალატოზიშვილმა.