გულწრფელად გამიხარდა, როცა ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატი გახდა. პატივს ვცემ როგორც ნიჭიერ კოლეგას და პრინციპულ პიროვნებას.
მისი პრინციპულობა გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა საკრებულოს პირველ სხდომაზე, როცა მან თითქმის ყველა დეპუტატისთვის მიუღებელი ინიციატივა გააჟღერა.
მათგან განსხვავებით, ვინც ელისაშვილის ინიციატივაში იაფფასიან პოპულარობის მოხვეჭის (ყურადღების მიქცევის) სურვილს ხედავს, მიმაჩნია, რომ საკითხი დროულად დაისვა და მისი მეათეხარისხოვანი პრობლემის სიბრტყეზე გადატანა არასახელმწიფოებრივი აზროვნების ნაყოფია.
მკითხველს შევახსენებ, რომ ელისაშვილმა მიუწოდა კოლეგებს უარი თქვან პერსონალურ მანქანებზე და სხვა პრივილეგიებზე, ანუ უარი თქვან კომფორტზე, რომელიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა უზნეობის და ღორმუცელობის რანგში გადადის.
მართალია, ელისაშვილმა საკითხი სწორად დააყენა, მაგრამ მას დაავიწყდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო სამსახურებში (მათ შორის, საკრებულოებშიც) სწორედ კომფორტის გამო მიდის. როგორც კი თავს „კომფორტულად“ დაიგულებენ, მერე მოგჭამა ჭირი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებმა.
დარწმუნებული ვარ, ახალი „რჩეულები“ მარტო პერსონალურ მანქანებს არ დასჯერდებიან - ახალი ბიუჯეტი მათ კარგი პრემიების და ძვირადღირებული მივლინებების საშუალებასაც აძლევთ.
აძლევთ და გამოიყენებენ კიდეც.
მე ნამდვილად მიკვირს იმ ადამიანების, ვინც სახელმწიფო ჩინოვნიკების ღორმუცელობას ამართლებს - თუ პრივილეგიაზეა საუბარი, სახელმწიფო სამსახურში ყოფნა თავისთავად პრივილეგიაა და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დაქირავებულები „ევროპულ“ ხელფასებს ჩვენი ჯიბიდან იღებენ, სანაცვლოდ კი რას გვაძლევენ? არც არაფერს, ყოველ შემთხვევაში სერიოზული დივიდენდი მოსახლეობას მათგან ნამდვილად არ აქვს.
ასე, რომ მხარს ვუჭერ ალეკო ელისაშვილს. თუმცა, კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუ დიდხანს „იჭიკჭიკებს“ და არ დაიღლება, ბანიც გამოუჩნდება და გაზაფხულიც მოვა!
ანდრია ლისაშვილი