დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა. უმაღლეს მთავარსარდალს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა, ალუდა კოპალიანმა და ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტი II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას გაესაუბრა და იუბილე მიულოცა: "II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად, დღევანდელი დღე მივულოცეთ და მათი სიხარული გავიზიარეთ. ჩვენი შეიარაღებული ძალები განსაკუთრებული გმირობითა და სულის სიმტკიცით გამოირჩევა. მინდოდა, კიდევ ერთხელ მათთან ერთად გამეზიარებინა დღევანდელი სიხარული".
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა II ქვეითი ბრიგადის სამხედროებს სიტყვით მიმართეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. მათ ქართულ არმიაში მე-2 ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. "ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი II ქვეითი ბრიგადაა, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. არ ყოფილა საქართველოს უკანასკნელ პერიოდში საბრძოლო თუ საომარი მოქმედებები, სადაც ამ ბრიგადის მებრძოლებს მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდეთ. ასევე, ბრიგადის მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს ერაყში წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციასა და ავღანეთში IშAF-ის მისიაში. ბრიგადას უნარიანი ხელმძღვანელობა, გამოცდილ სერჟანტთა შემადგენლობა და მომზადებული პირადი შემადგენლობა ჰყავს. დარწმუნებულები ვართ, რომ მის წინაშე დასმულ ყველა ამოცანას წარმატებით შეასრულებს" - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.
ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მე-2 ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
იუბილესთან დაკავშირებით, ბაზაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. საქართველოს მთავარსარდალმა ბრიგადის შეიარაღება და ტექნიკა, ასევე საარტილერიო ბატალიონის სასწავლო კლასები და ყაზარმა დაათვალიერა.
იუბილესთან დაკავშირებით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დასავლეთ ოპერატიული სარდლობის 6 სამხედრო მოსამსახურე სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. სამსახურის სათანადო დონეზე და ჯეროვნად შესრულებისათვის II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ 17 სამხედრო მოსამსახურეს მეთაურის საპატიო სიგელი გადასცა. სახმელეთო ჯარების დასავლეთ ოპერატიული სარდალის, პოლკოვნ მიხეილ სადუნაშვილისა და ბრიგადის მეთაურის სახელით 122 სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გამოეცხადა.
ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა.