ქონების გადასახადისგან თავისუფლდება პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომლითაც იგი ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი. აღნიშნულ ქონებაზე დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა ჩამოწერას დაექვემდებარება. აღნიშნული ცვლილებები, რომელიც "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შედის, დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
დღესვე კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" . ცვლილებით, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" კანონში, მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები შედის.
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და "TEST" ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. პროექტის შესაბამისი ნომრები ადგენენ და აზუსტებენ ამ დადგენილებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის მისაღებად საჭირო მომსახურების სახეებსა და ამ მომსახურების მისაღებად საჭირო შესაბამის საფასურს.