ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა ნიკო ნადირაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა და კატეგორიულად მოუწოდა: სასწრაფოდ გაანთავისუფლოს თანამდებობიდან ტურიზმის სამსახურის უფროსი გიორგი სიგუა.
ნადირაშვილის თქმით, სიგუა და ძმანი მისნი თავიანთი ქმედებით ებრძვიან ქართულ ცნობიერებას, ქართულ ტრადიციებს და საქართველოში სოდომური ცოდვის დატრიალებას უწყობენ ხელს.
საქმე ეხება კაზანტიპის მუსიკალურ ფესტივალს, რომელიც ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე ტარდება.
ქართველი ემიგრანტი თანამოქალაქეებს მიმართავს - გაიღვიძონ, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის („გაიღვიძე საქართველო“) და არ დაუშვან ამ მიუტევებელი ცოდვის პარპაში საქართველოში, ხოლო გიორგი სიგუას ურჩევს ცეცხლს ნუ ეთამაშება, რადგან, შეიძლება სამუდამო „გეენიაში“ ჩაიწვას.
კაზანტიპის თემა რამდენიმე თვეა მუსირებს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოც მას საზოგადოების (უპირველესად, მართლმადიდებელი მრევლის) მხრიდან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მამა დავით ქვლივიძის მამხილებელ ქადაგებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა (საშუალება ჰქონდა მოესმინა „ივერიონის“ მკითხველსაც) და ზედმიწევნით აშიშვლებს ასეთი ტიპის „ფესტივალების“ დამანგრეველ შედეგებს.
მამა დავითი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი უზნეობის დემონსტრირება დიდ უბედურებას მოუტანს ქვეყანას და ამის ცოცხალ მაგალითად უახლესი წარსულიდან ყირიმი მოჰყავს, სადაც სოდომ-გომორულ ცოდვას ფართო გასაქანი მიეცა.
იგი თვლის, რომ უკრაინაში დატრიალებული და მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირშია ამ უზნეობასთან.
მოძღვარი მართლმადიდებელ მრევლს გასაგებად უხსნის, თუ რა იმალება ასეთ „მუსიკალური ფესტივალის“ მიღმა - დედათმავლობის, მამათმავლობის, მცირეწლოვანთა გარყვნილების პროპაგანდა (თუმცა, არა მარტო პროპაგანდა), ღვთის გმობა - აი, ყველაფერი ის, რა „სიკეთეც“ შეიძლება მოუტანოს კაზანტიპმა ჩვენს ქვეყანას.
მამა დავითი საქართველოს ტრაგიკულ ისტორიას, ლაშა-გიორგის უხეირო მეფობის პერიოდს იხსენებს და პარალელს ავლებს დღევანდელობიდან. სწორედ უღმერთო მეფის საქციელების გამო შემოუსია უფალმა ჯალალედინი საქართველოს - ამბობს მოძღვარი და გვაფრთხილებს, რომ თუ ეს უზნეობა არ აღვკვეთეთ და ამ უღმერთოებს საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმის საშუალება მივეცით, დამაგრეველ კატაკლიზმებს ვერ გადავურჩებით - უფალი განრისხდება, საქართველო დაინგრევა!
ნიშანდობლივია ისიც, რომ მუსიკალურ ფესტივალს ამოფარებული ეს სოდომ-გომორული ორგიები მარიამობის დღესასწაულს ემთხვევა.
„ღვთისმშობელი ყველაზე დიდი მფარველია საქართველოსი და თუ იგი გავანაწყენეთ, დიდი უბედურება დაგვატყდება თავზე. არ მივცეთ ღმერთს მიზეზი - განრისხდეს ჩვენზე“ - ამბობს იგი და აკონკრეტებს- თუ ამ გარყვნილების ზეობას დავუშვებთ წმიდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, დამანგრეველი მიწისძვრები, წყალდიდობები და ტერიტორიების რღვევა არ აგვცდება!..
ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის წინააღმდეგია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეც. იგი ხმამაღლა აცხადებს, რომ ასეთ ტიპის „ფესტივალები“ ქართველი ერის ტრადიციას ეწინააღმდეგება და ეს არ უნდა დავუშვათ. მით უმეტეს, მარხვის დღეებში.
მეუფე მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს. თუმცა, მისი სიტყვები უფრო მართლმადიდებელი ერის გამოღვიძებისკენ მოწოდებაა. მეტი რა უნდა თქვას მღვდელმთავარმა?! მითუმეტეს, იგი წმიდა სინოდის მხოლოდ ერთი წევრია და ეკლესიის სახელით ვერ ილაპარაკებს!
რა შუაშია სიგუა და ოდიშარია?!
ბატონი ნიკო ნადირაშვილი პრემიერს სიგუას განთავისუფლებისკენ მოუწოდებს. სხვები კულტურის სამინისტროს ადანაშაულებენ. ვფიქრობ, ყველას ადრესატი შეეშალა - რა შუაშია სიგუა და ოდიშარია, როდის იყო ასეთი მასშტაბისა და ასეთ საჩოთირო ღონისძიებებს რომელიმე მთავრობის წევრი დამოუკიდებლად გეგმავდა? ვინ არის საერთოდ სიგუა, რომ ყველა ცოდვა მას ავკიდოთ?!
კრიტიკისა და აღშფოთების მახვილი მთლიანად ხელისუფლებისკენ უნდა მიიმართოს - სიგუა და ოდიშარია განტევების ვაცებად რომც ვაქციოთ, ამით ამ უღმერთო ჩანაფიქრს მაინც არ ეშველება -
დიახ, პროტესტი, თანაც მასშტაბური, ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და რაც შეიძლება მალე. საზოგადოებამ „ხორცის გაგრილების“ (ჩვენს ენაზე, დასვენების) პრობლემა განზე უნდა გადადოს და ერი და ბერი ერთ მუსტად უნდა შეიკრას- ეს ყბადაღებული არჩევნები ხომ არ არის, რომ ჩუმი პროტესტით ხელისუფლება შევაჯანჯღაროთ?!
იმათ გასაგონად, ვინც „ოცნებას“ წინა ხელისუფლებისგან რადიკალურად ანსხვავებს, ვიტყვი: სჯობს ძილბურანიდან გამოვიდეთ და დიდი და მცირე ბოროტების გარჩევა ვისწავლოთ: მიუხედავად იმისა, რომ „ნაცები“ სულს გვიხუთავდნენ, არც გეი-აღლუმების ჩატარება გაუბედავთ და არც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიუღიათ!..
ჩვენი ცნობიერება თუ იქამდე არ დავიდა, რას ნიშნავს კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება მართლმადიდებელ საქართველოში, მაშინ ყოველგვარი უბედურებისთვის მზად უნდა ვიყოთ!
ღმერთმა აცხონოს ეროსი კიწმარიშვილის სული,მაგრამ, მხოლოდ იმის ილუზიით თუ ვიცხოვრეთ, დაადგენს თუ არა ხელისუფლება გარდაცვალების ჭეშმარიტ მიზეზებს და დაისჯება თუ არა დამნაშავე, 20 აგვისტოც კარს მოგვადგება და მერე ანაკლიაც გვარდზე დაგვრჩება და საქართველოც!
აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას კი არ უნდა ვთხოვოთ, არამედ მოვთხოვოთ - ხელი აიღოს ასეთი მკრეხელური „ფესტივალის“ ჩატარებაზე და სოდომ-გომორის ცოდვა საქართველოს ააცილოს!
გეკითხებით: რომელი უფრო სჯობს, ხელისუფლება გავაღიზიანოთ ჩვენი „ზედმეტი“ აქტიურობით, თუ უფალი განვარისხოთ?!
სად არის ეკლესია?!
მართალია, ცალკეული მღვდლები თუ მღვდელმთავრები აშკარა პროტესტს გამოხატავენ ამ ამაზრზენი „ფესტივალის“ მიმართ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ეკლესიის ხმა - ალბათ წმიდა სინოდმა ღიად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ხელისუფლებას გონიერებისკენ, ხოლო მართლმადიდებელ მრევლს თავისი მრწამსის ერთგულებისკენ უნდა მოუწოდოს. ვინ, ვინ და ყველაზე უპრიანია ამ შემთხვევაში „ხმალი“ სწორედ ეკლესიამ იშიშვლოს!
მომიტევოს უფალმა თუ განკითხვაში გადავვარდი, მაგრამ ეკლესიის საქმე ნამდვილად არ არის, უნდა მივიდეს თუ არა ხალხი არჩევნებზე და ვის დაუჭიროს მხარი, ან საერთოდ, ღირს თუ არა ასეთ „დემოკრატიულ“ არჩევნებზე მისვლა. რაც შეეხება ტრადიციების ერთგულებისა და თავისი სამწყსოს სულის გადარჩენისთვის ზრუნვას, ეს მისი სისხლხორცეული მოვალეობაა.
რატომ დუმს ეკლესია?!
სამწუხაროდ, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს...
P.S.ძნელია მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილების გზას ხედავდე და გულხელდაკრეფილი იჯდე ამ საშიშროების მოლოდინში. მიკვირს, სად არიან მართლმადიდებლობის ფორმალური დამცველები, ID ბარათების გაუქმების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერით რომ იმუქრებოდნენ?!
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ნაკლები ბოროტებაა, ძალიან ცდება. დროა გამოვიღვიძოთ და საპროტესტო აქციის მახვილი ანაკლიისკენ მიიმართოს - სატანას საკუთარი ნებით ნუ ჩავბარდებით!..
ხმა ღვთისა და ხმა ერისა!
ზაურ ნაჭყებია