ივერიონი / კონსტანტინე გამსახურდია:-"ახლა რას იტყვიან? როდემდე?"

კონსტანტინე გამსახურდია:-"ახლა რას იტყვიან? როდემდე?"

   მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებას კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება და წერს:

   -"ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის "დამოუკიდებელი" თვითმარქვია სახელმწიფოების მსგავსი კრიმინალური წარმონაქმნის, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ტერიტორიაზე მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას ემსხვერპლა ათეულობით ბავშვი. თუკი შედეგით ვიმსჯელებთ, ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენები ნამდვილად არ უდებენ ტოლს ტირან ჰეროდეს, რომელმაც სახარების ტექსტის მიხედვით ძუძუთა ბავშვები გააჟლეტინა.

სროლა საერთაშორისო კორიდორით მოძრავ თვითმფრინავზე განხორციელდა  16:20 წუთზე, Bუკ-ის საზენიტო დანადგარიდან, რომელიც ამას წინათ რუსეთიდან შეიტანეს დაბა სნეჟნოეში. როგორც ჩანს, უკრაინულ თვითმფრინავში შეეშალათ.

როდესაც აფხაზეთიდან 250 000 ადამიანი მხოლოდ იმიტომ გამოაძევეს, რომ ეთნიკური ქართველები იყვნენ, ყველაფერი პოლიტიკურ რუტინაში და ყოველწლიურ მოსაწყენ საპროტესტო ნოტებში გადაიყვანეს. ისევე როგორც ნიქოზის, აჩაბეთის, კეხვის, ქურთას, თამარაშენის და სხვა სოფლების აღგვა პირისაგან მიწისა 2008 წელს.

   ახლა რას იტყვიან?

   როდემდე?"

 

18-07-2014, 12:06
უკან დაბრუნება