ივერიონი / სალომე კაპანაძე:-"აფხაზი ჭაბუკის მიერ ნათქვამმა ფრაზამ ყველა შეძრა"

სალომე კაპანაძე:-"აფხაზი ჭაბუკის მიერ ნათქვამმა ფრაზამ ყველა შეძრა"

   გამოცდილებამ გვანახა, რომ ისეთ კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც ეთნოცენტრიზმი და ნაციონალიზმი საშიშ მასშტაბებს აღწევს და ყველანაირი ინტელექტუალური არგუმენტი არამარტო შეუსმენადი, არამედ იგნორირებულია, მაინც ჩნდება მოთხოვნილება კულტურათა დიალოგზე. სიძულვილითა და დეჰუმანიზაციით დაზაფრულ სივრცეში ადამიანები იწყებენ გამოსავლის ძიებას და ამ დროს ცხადი ხდება, რომ ,,მშვიდობის ტაძრამდე" მისასვლელი გზის მნიშვნელოვანი წილი  კულტურაზე გადის. წარმოიდგინეთ, რომ  კულტურა ზოგჯერ ახერხებს იმას, რასაც ზოგჯერ პოლიტიკოსები ვერ აღწევენ. 

ქართული პოლიტიკური რეალობის ისეთ ტრაგიკული მოვლენა, როგორიც გახლავთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მიუხედავად მრავალწლიანი რუტინული მოლაპარაკებებისა მოუგვარებელია. ვფიქრობ, თუკი შეიძლება სადინარი მოუძებნოთ  ამ სამწუხარო სტაგნაციას, ეს სახალხო დიპლომატია და კულტურის ეგიდით წარმოებული დიალოგია, სადაც აშკარაა პოზიტიური შედეგები. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან ეს რესურსი ბოლომდე არ არის გააზრებული და იგი ლოკალურ ხასიათს ატარებს. ისტორიული მეხსიერების, კეთილი ტრადიციების, კულტურული ღირებებულებების თანხვედრა და მათი გააქტიურება კონფლიქტის დასაძლევად რომ ძალზედ ეფექტურია, ამას ევროპელი ექსპერტებიც აღიარებენ და საქართველოში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში განსაკუთებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ამ საერთო ფასეულობებისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების საფუძველზე განიხილავენ ისინი ადამიანური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას.  მართალია, შესარიგებლად გაწვდილი ხელი ხშირად რჩება უპასუხოდ და ეს ჰუმანური აქტი ერთმნიშვნელოვნად შედეგიანი ყოველთვის არ არის. მაგრამ  ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოსტკოფლიქტურ პერიოდში აბსოლუტურ შედეგიანობაზე გათვლილი, უნივერსალური ფორმულა არ არსებობს.  სასურველ შედეგამდე მისასვლელი გზები რთული, წინააღმდეგობით აღსავსე და ზოგჯერ არაპროგნოზირებადიც შეიძლება იყოს. 

    იმის საილუსტრაციოდ, რომ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ადამიანური ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით დიალოგი კულტურის ენაზე  შეიძლება იყოს გაცილებით პროდუქტიული, ვიდრე ქაღალდზე დარჩენილი რომელიმე მორიგი პოლიტიკური შეთანხმება, მინდა წარმოგიდგინოთ  კონკრეტულ ფაქტები. საუბარი უსათუოდ უნდა  დავიწყოთ ქართულ თეატრალურ სივრცეში განხორციელებული საინტერესო სპექტაკლით, რომელიც  არამხოლოდ მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით არის საინტერესო, არამედ იმ შედეგის გათვალისწინებით, რომელიც მან მოგვცა კულტურული დიალოგის ფორმატისათვის.  2005 წელს სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა სპექტაკლი ,,ზღვა, რომელიც შორია".  პიესის სცენარი ეკუთვნის არაერთი საინტერესო კულტურული პროექტის ავტორს, სოხუმელ მწერალს გურამ ოდიშარიას. დადგმა- ცნობილ რეჟისორს თემურ ჩხეიძეს, რომელსაც თანარეჟისორობა გაუწია ნიჭიერმა ახალგაზრდა სოხუმელმა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა. სპექტაკლში თემურ ჩხეიძის გამოჩენამ რეჟისორის ამპლუაში იმთავითვე დიდი მოლოდინი წარმოშვა, რასაც დაერთო ინტელექტუალურ მსახიობთა გუნდიც. სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებდნენ აფხაზეთელი მსახიობები-საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, მერაბ ბრეკაშვილი, ლილი ხურითი, ნუგზარ ჩიქოვანი, მერაბ ყოლბაია. საგანგებო აღნიშვნა, რომ მსახიობები იყვნენ აფხაზეთიდან იმისთვის დაგვჭირდა, რათა ხაზი გაუსვათ იმ გარემოებას, რომ ამ სპექტაკლში მოხდა ნიჭიერი სახიობისა და რეალურად განცდილის გულწრფელი თანხვედრა. სცენაზე წარმოდგენილმა  აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენების განცდის პროცესმა მიიღო იმდენად ცოცხალი სახე, რომ ემოციურად დამუხტული მაყურებელი სპექტაკლის მსვლელობისას დიალოგშიც კი ერთვებოდა. ამ სპექტაკლმა ქართულ საზოგადოებაში რეალურად წარმოშვა აფხაზეთის კონფლიქტის მიზეზების ხელახალი განაზრებისა და თვითშეფასების სურვილი, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო პოზიტივი ამ სპექტაკლს ელოდა მაშინ, როცა კონფლიქტის ზონაში DVD ფორმატში ჩაწერილი სპექტაკლის ჩვენება განხორციელდა, თანაც არაერთხელ. დადასტურებული ინფორმაციით, სოხუმის უნივერსიტეტში მოეწყო არამარტო ამ სპექტაკლის ვიდეო ჩანაწერის ჩვენება, არამედ იგი გახდა სერიოზული განხილვის საგანი ახალგაზრდებს შორის. ეს კი გახლავთ აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც გასაგები მიზეზების  გამო ქართულ-აფხაზური ურთიერთობებზე მსჯელობა  მხოლოდ   1992-1993 წლის მოვლენებზე დაყრდნობით შეუძლია . ძალიან შთამბეჭდავი გვეჩვენა რეჟისორ ბადრი წერედიანის მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ შეთავაზა მან ქ. ერევანში ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია-თანხმობის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე აფხაზ ახალგაზრდებს სპექტაკლის ვიდეო ჩანაწერის ნახვა. როგორ გაირღვა მის თვალწინ უნდობლობისა და ეჭვის ატმოსფერო სეანსის დასრულებისთანავე და როგორ შეძრა იგი აფხაზი ჭაბუკის მიერ ნათქვამმა  ფრაზამ-  ,,ეს არის ჩვენი საერთო სპექტაკლი". სპექტაკლის ვიდეოჩანაწერის ნახვამ აფხაზი ახალგაზრდის აზროვნებაში გააღვიძა ზოგადადამიანური განცდა იმისა, რომ შეუძლებელია ადამიანების გამოდევნა საკუთარი წარსულიდან. სწორედ ეს წარსული კრავს  ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მატიანეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასაც. 

   2009 წელს სპექტაკლის ,,ზღვა, რომელიც შორია" ჩვენება შედგა ქ. სოჭში საქართველოს ხალხთა ასამბლეაზე.  სპექტაკლს ესწრებოდნენ  ქალაქის სახელისუფლო წრეების წარმომადგენლები, რუსი, ოსი და აფხაზი მაყურებელი. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ლილი ხურითი მომიყვა იმ რეაქციაზე, რომელიც ამ სპექტაკლმა გამოიწვია მათში. გაჩნდა საოცარი სინანულის გრძნობა და რაც მთავარია, ამის გამოხატვის შინაგანი მოთხოვნილება. აფხაზი და ოსი მაყურებელი მიდიოდა მსახიობებთან, ცდილობდნენ არამარტო იმწუთიერი კონტაქტის დამყარებას, არამედ საუბრობდნენ სამომავლო ურთიერთობებზეც.  ფაქტი სახეზეა, ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ამ შესანიშნავ  სპექტაკლმა შეძლო იმ რეალური ცვლილებების გამოწვევა  კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს დარჩენილ ადამიანთა ცნობიერებაში, რომელიც მათ ურთიერთობების აღდგენასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში უნდა დაეხმაროს. და  ბოლოს, არ შემიძლია არ მოვიხმო ის სიტყვები, რომელიც ერთ-ერთმა ინგლისელმა კონფლიქტოლოგმა სპექტაკლის მორიგი ჩვენების დროს წარმოთქვა, წელს რომ ნობელის პრემია გაიცემოდეს მშვიდობის დარგში, უსათუოდ ამ სპექტაკლს მივანიჭებდიო. ეს ფრაზა, რომელიც იმ შთაბეჭდილებებით იყო  მოტივირებული, რომელიც  ამ სპექტაკლმა გამოიწვია, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის არამარტო კულტურულ ფასეულობას, არამედ სამშვიდობო მისიასაც.

   2008-2009 წლებში ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა ლელა წურწუმიამ, უცნობმა, ზუმბამ აფხაზურ ენაზე ჩაწერეს თავიანთი პოპულარული ჰიტები. იმ ,,საჩოთირო" ფაქტს, რომ ამ სიმღერებს ქართველი მომღერლები ასრულებენ, ხელი არ შეუშლია აფხაზი ახალგაზრდებისათვის საყვარელ ჰიტებად ექციათ ისინი. 

   2009 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ცნობილმა კოლექციონერმა, საქართველოს 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრმა. პაატა ქურდოვანიძემ  განახორციელა პროექტი- ,,ქართულ-აფხაზური ალბომი", რომელშიც თავი მოუყარა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველ უნიკალურ, უძველეს ფოტო-მასალას, ისტორიულ ფაქტებსა და აფხაზ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს. ეს არის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ბუნებრივი ქრონიკა და არა ისტორიის მულიაჟი.   ამ ალბომის მთავარი ლაიტმოტივი სწორედ თაობათა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთპასუხისმგებლობის საკითხია. პრეზენტაციაზე ამ წიგნს სამართლიანად უწოდეს ,,სიყვარულის გზავნილი".  დადასტურებული ინფორმაციით, ერთმა აფხაზმა ქალბატონმა ამ წიგნის ნახვისას ემოცია ვერ დამალა და სამართლიანად აღნიშნა, ეს წიგნი ახალგაზრდებმა რომ ნახონ, ისინი უსათუოდ იამაყებენს თავისი წარსულითო. ჩვენის მხრიდან დავძენდით, ეს ის წარსულია, სადაც  ქართველები და აფხაზები მეგობრობის, ნათესაობის, ,,მორდუობის" ტრადიციებით არიან შეკრული. ამდენად,   კულტურულ პროდუქტი ყოველთვის შეიცავს იმ ფასეულობას, რომლის ჩანაცვლება შეუძლებელია პოლიტიკური მოლაპარაკებებით.

კულტურული დიალოგის თვალსაზრისით გამორჩეულ ფაქტად მინდა ვაღიარო 2011 წელს მედიასივრცეში გაჩენილი ახალი ალმანახი ..სამხრეთ კავკასია". მისი რედაქტორები არიან გურამ ოდიშარია და ბათალ კობახია. ამ ეტაპზე უკვე გამოცემულია მისი რამდენიმე ნომერი და იგი  თვალსაჩინო, ეფექტური მაგალითია კულტურის ენაზე წარმოებული დიალოგისა, ვინაიდან ალმანახში წარმატებით თანამშრომლობენ სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი ქართველი,  აფხაზი მწერლები და ჟურნალისტები.

     ანალოგიური  მისიით გადაწყვიტეს თავიანთი ხმების  გაერთიანება ამიერკავკასიის მწერლებმაც წიგნებში ,,სიცოცხლის დრო"(2003) და ,,ხიდი".(2006) ამ პროექტის მისია ნათლად არის განსაზღვრული-მან რეგიონში ,,კაცთა შორის სიმშვიდეს" უნდა შეუწყოს ხელი. ამ უაღრესად საყურადღებო  გამოცემის რედაქტორები კვლავ გურამ ოდიშარია და ბათალ კობახია ბრძანდებიან.

 

2012 წელს ჩემი რედაქტორობით გამოვიდა აკაკი წერეთლის ,,გამზრდელის" დიმიტრი გულიასეული თარგმანის ილუსტრირებული გამოცემა. ეს პროექტი მე ძირითადად აფხაზ მოზარდებზე გავთვალე. ელდარ ქავშბაიას ილუსტრაციებმა განსაკუთრებული ხიბლი შემატა ამ გამოცემას. მოვახერხე და წიგნის 200 მდე ეგზემპლარი ენგურს გაღმა გადავაგზავნე. რამდენიმე ხანში კიდევ მთხოვეს წიგნები. რასაკვირველია, ამ  ყველაფერს საჯარო სახე არ აქვს, მაგრამ  რელიგია და კულტურა რომ ერთ-ერთი უსაფრთხო ზონაა ამ თვალსაზრისით, უნდა დამეთანხმოთ. 

 სალომე კაპანაძე

 პროფესორი, საერთაშორისო ორგანიზაციის UPF -ის მშვიდობის ელჩი საქართველოში.

ორგანიზაცია ,,აფხაზეთი-ჩემი სახლის" დამფუძნებელი.

 

20-07-2014, 08:41
უკან დაბრუნება