ივერიონი / დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: თუ ხელისუფლება კაზანტიპის ფესტივალს არ ჩაშლის, ეს მისთვის ხარაკირის ტოლფასი იქნება!

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: თუ ხელისუფლება კაზანტიპის ფესტივალს არ ჩაშლის, ეს მისთვის ხარაკირის ტოლფასი იქნება!

კაზანტიპის მუსიკალური ფესტივალის ანაკლიაში ჩატარების იდეას სოციალურ ქსელში და მედიაში მკვეთრად ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. „ივერიონი“ ამ მტკივნეულ თემას არაერთი პუბლიკაციით შეეხო. გთავაზობთ ინტერვიუს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.

-  მამაო, 20-დან 30 აგვისტომდე ანაკლიაში ტარდება კაზანტიპის მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. სხვათაშორის, ამ ფასტივალის ჩატარებას მიუღებლად მიიჩნევენ სასულიერო პირებიც. აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა მამა დავით ქვლივიძეს. მან ეს ღონისძიება სოდომ-გომორის ცოდვას შეადარა. წინააღმდეგია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი  გერასიმეც. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულთან დაკავშირებით?

- კაზანტიპის მუსიკალური ფესტივალი, როგორ უნდა შევაფასო, თუ არა ზნეობის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ერის ორგანიზმში მალე მეტასტაზებად გაიფანტება?! ის ლოკალურია ამ ეტაპზე, თუმცა სახელმწიფო მას უკვე ვერ ებრძვის, რამაც 10 წელიწადში საქართველოს სახელმწიფოებრივი განადგურება შეიძლება გამოიწვიოს!

მაინტერესებს, რა მოტივაციით ფიქრობენ, რომ ეს ფესტივალი ფულის შემოდინების წყარო იქნება? მერე? ასეთი ფული ყელზე არ დაგვადგება? მათი ზნეობაც ძალიან საეჭვოა, ვინც ამ ფესტივალის პოპულარიზაციას ეწევა. ვფიქრობ, ეს ამბავი ადვილად არ გადავა ჩვენს კისერზე და ქირურგი, უფალი ჩვენი, დაგვეხმარება.

ჩვენ, სასულიერო პირები, ამბიონიდან მოვუწოდებთ მრევლს, თავი შორს დაიჭიროს ამ ფესტივალისგან, რადგან ის არ არის ჩვეულებრივი ბარი, ისევე, როგორც მუწუკი და სიმსივნე არ არის ერთნაირი.

- რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ იმისათვის, რომ ეს უბედურება ააცილოს ქვეყანას... მეორეც, როგორ ფიქრობთ, გადაჭარბებული ხომ არ არის ამ აღვირახსნილობის სოდომ-გომორთან შედარება?

- კაზანტიპის ფესტივალის სოდომ-გომორულ ცოდვასთან შედარება დროულია. ის ქალაქ-სახელმწიფო იყო, რომელსაც თავისი კანონები ჰქონდა, რომელიც არ კრძალავდა უზნეობას. აქაც ასე მოხდება - ამ ფესტივალის მსვლელობისას ,,დაქორწინდებიან", ცოლ-ქმრობანას ითამაშაბენ... ასე გვინდა ევროკავშირში შესვლა? გასარკვევია, ამას გვაიძულებს ევროპა თუ ჩვენ ვუტეხთ სახელს? არ მინდა დავიჯერო, რომ ,,ეს" ევროპაა!

-  შეუერთდებით თუ არა საპროტესტო აქციას, თუ ამის ორგანიზება მოხდება საქართველოში?

-  მხოლოდ მე, ერთი ადამიანი, ვერ გამოვალ ამის წინააღმდეგ სამიტინგოდ, მაგრამ როგორც მღვდელი, ვიაქტიურებ! თუ უმაღლესი სასულიერო იერარქიაში დაიგეგმება ამ ფესტივალის საწინააგმდეგო მოძრაობა, გამოვალ. კაზანტიპის ფესტივალი ოჯახურ სამწყსოშო მგლის შეგდებას ნიშნავს. ცოდვა ადამიანური ბუნების თანმდევია, მაგრამ სახელმწიფოს მოვალეობა ხომ მისი აღკვეთაა?! პროსტიტუცია, მკვლელობა და სხვა ანომალიები ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებია და იგი დასჯადია. ჩვენმა სახელმწიფომ ამაზე თუ არ დაიწყო ზრუნვა, საქართველო დასამარდება. დავფიქრდეთ, დღეს ქვეყანაში ისედაც დამანგრეველ ძალას იძენს აბორტი და სხვა უმსგავსობა!

-  რამდენად სწორად იქცევა ხელისუფლება, როცა ასეთი აღვირახსნილი ორგიების ჩატარების უფლებას იძლევა მართლმადიდებლურ ქვეყანაში?

- გარწმუნებთ, თუ სახელმწიფო დროულად არ აღკვეთს ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებას, ეს მისთვის ხარაკირის ტოლფასი იქნება!

ნოე ჟორდანია ეკლესიასთან ბრძოლაში როგორც დამარცხდა, ვიცით;
წინა ხელისუფლება ქართულ ეკლესიას, ქართულ გენოფონდს, ქართულ კულტურას უპირისპირდებოდა და ამიტომაც მოეღო ბოლო, იგივე მოელის ამათაც, რადგან, თუ უფალმა დაინახა, რომ ქირურგიული ჩარევაც არ გვშველის, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ იარსებებს, ტერიტორია კი დარჩება.

ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ბიბლიაში უფალი ამბობს: ,,თქვენ ვალდებული ხართ, რომ ჩემი სახელით ბოროტის ჩამდენს უთხრათ, რომ ბოროტებას სჩადის. თუ ის არ შეისმენს, დაიღუპება, შენ სულს გადაირჩენ. თუ არ ეტყვი, მისი და შენი სულისას შენვე მოგკითხავო.

აქედან გამომდინარე, ჩვენ და ხელისუფლებას ერის გადარჩენა მოგვეთხოვება, არადა, პასუხს ჩვენ მოგვკითხავს უფალი! კაზანტიპის ფესივალის ორგანიზატორ სიგუაზე მინდა ვთქვა, რომ საცოდავი ადამიანია. თანავუგრძნობ, ღმერთმა სინანული მისცეს! მას იმდენი აქვს საკუთარი ცოდვა, კაზანტიპში მომხდარი ცოდვებიც მის სულს დაემატება და ღვთის წინაშე აგებს პასუხს. ეს პასუხისმგებლობა შორს არ არის!

ესაუბრა ია ჯღარკავა

21-07-2014, 11:25
უკან დაბრუნება