არასამთავრობო ორგანიზაცია "უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის" წარმომადგენელმა - თამარ იოვაშვილმა, "სლავი ერების კონგრესის" წარმომადგენელმა ლიკა ზახაროვამ, "ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგნელმა - შოთა აფხაიძემ, "მამული, ენა, სარწმუნოების" ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა და "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის" წარმომადგენელმა თეიმურაზ ფიფიამ, დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს და განაცხადეს, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ სარცელს სასამართლოში შეიტანენ.
"მიმდინარე წლის 17 ივლისს, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ღია ეთერში, ამავე კომპანიის ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა, დიმიტრი ობოლაძემ, თავს უფლება მისცა, უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფა მიეყენებინა რუსი ერისათვის, რუსი ეროვნების თითოეული წარმომადგენლისათვის - მათი მოქალაქეობისაგან დამოუკიდებლად. კერძოდ, ობოლაძემ ყოველგვარი ეთიკური ნორმების დარღვევით განაცხადა, რომ "ყველა რუსი არის ღორი" და სტუდიაში მყოფ დაბნეულ კოლეგებს უბრძანა: "ამ სტუდიაში ერთი რუსული სიტყვა არ გავიგო!"
ამ ქსენოფობიურ და ფაშისტურ განცხადებას არ ამართლებს ემოციური ფონი, რომელიც უკავშირდება უკრაინაში მალაიზიური ავიაკომპანიის კატასტროფას. ყველასათვის გასაგებია, რომ ამ ავიაკატასტროფასთან რუს ერს და სხვადასხვა სახელმწიფოების რუსი ეროვნების მოქალაქეებს არანაირი კავშირი არ აქვთ. არ არსებობს კოლექტიური დანაშაული, მით უმეტეს, ასეთ მასშტაბებში. ამიტომ ობოლაძის განცხადებები არის ცალსახად დასაგმობი ფაშიზმი. გამომდინარე აქედან, ობოლაძეს არ აქვს მორალური და იურიდიული უფლება, განაგრძოს ჟურნალისტური მოღვაწეობა, თუკი იგი საჯაროდ, ასევე პირდაპირ ეთერში მკაფიოდ და ცალსახად არ მოიხდის ბოდიშს, რუსი ერის და საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ.
ჩვენ, კატეგორიულად მოვითხოვთ "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობისაგან, გამოხატოს საკუთარი პოზიცია და დიმიტრი ობოლაძეს შეუჩეროს ეთერში მუშაობა, ვიდრე ეს უკანასკნელი არ აღიარებს საკუთარი სიტყვების ქსენოფობიურ ხასიათს და ბოდიშს არ მოიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ტელეკომპანია ხელს უწყობს ქვეყანაში ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას და ანტირუსულ ისტერიას ნერგავს.
ასევე, მოვითხოვთ ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებისაგან და სახალხო დამცველის აპარატისგან, მოახდინონ რეაგირება ამ სავალალო ფაქტზე. მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც იურიდიული და უფლებათდამცველი პროფილით მუშაობენ (განსაკუთრებით, ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას"), დაგმონ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში მომხდარი ბაკქანალია. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ძირშივე უნდა აღკვეთოს ფაშიზმის გამოვლინება, თორემ შემდეგ უკვე გვიანი იქნება.
თუკი ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მზად ვართ, სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ და არსებული კანონმდებლობის საფუძველზე მივაღწიოთ ფაშისტურ-ქსენოფობური განცხადებების მხარდამჭერთა დასჯას",-ნათქვამია განცხადებაში.