თბილისის ახლადარჩეული მერი დავით ნარმანია იმ გეგმებზე საუბრობს, რომელსაც ის საკუთარი მოვალეობის შესრულების პირველ დღეებში განახორციელებს.
„პირველი რამდენიმე დღე, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციული პროცედურების მოწესრიგებასთან. მოხდება თბილისის საკრებულოსთვის თბილისის მთავრობის შემადგენლობის წარდგენა და გარკვეული სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცება. ასევე, პირველივე დღეებში მივიღებთ მოქალაქეთა მიღების წესს, გამგეობებში და თბილისის მერიაში,რასაც ჩვენ ამომრჩეველს ვპირდებოდით და ამ წესის შესაბამისად თითოეულ მოქალაქეს შეეძლება რაიონულ გამგეობაში სამსახურის ხელმძღვანელთან ან მერთან ჩაეწეროს და მივიდეს მიღებაზე, რათა დეტალურად იქნას განხილული ის საკითხები, რაც მათ აწუხებთ.
ეს წესი ჩვენ უკვე მოვამზადეთ, მზა დოკუმენტით მივდივართ მერიაში და დავამტკიცებთ.
ასევე, კეთდება თბილისის ბიუჯეტის ანალიზი და მნიშვნელოვანია, ვნახოთ, რა თანხები გვრჩება ჩვენ წლის ბოლომდე და სახარჯი, რა არის ის ვალდებულებები, რაც აქვს აღებული მერიის წინა შემადგენლობას. აქედან გამომდინარე, მივიღებთ ასევე ცალკეულ კვლევებთან და ახალ პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რის საშუალებასაც მოგცემს თბილისის ბიუჯეტში დარჩენილი თანხები", - აცხადებს დავით ნარმანია