ივერიონი / სოსო მანჯავიძე: აქციის ორგანიზატორები არა პარტიები და არასამთავრობოები, არამედ კერძო პირები არიან!

სოსო მანჯავიძე: აქციის ორგანიზატორები არა პარტიები და არასამთავრობოები, არამედ კერძო პირები არიან!

გუშინწინ „ივერიონმა “ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 ივლისს სახელმწიფო კანცელარიასთან იმართება მშვიდობიანი აქცია კაზანტიპის  ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით.

ორგანიზატორებს შორის მითითებული იყო ლევან ვასაძის გვარიც. დღეს დილით დაგვიკავშირდა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად ტომარაძე, რომელმაც გადმოგვცა ბ-ნ ლევან ვასაძის ოფიციალური განცხადება, სადაც ის უარყოფს აქციის თანაორგანიზატორობას და მხოლოდ პეტიციაზე ხემოწერით  შემოიფარგლება.

რას ნიშნავს ეს?  ჩვენ შეგვიყვანეს შეცდომაში თუ ლევან ვასაძემ გარკვეული პოსაზრებებიდან გამომდინარე, შეცვალა პოზიცია?

ამ კითხვით აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, სოსო მანჯავიძეს მივმართეთ:

- არამგონია, ლევან ვასაძეს პოზიცია შეეცვალა, თავიდანვე საუბარი იყო პეტიციაზე  - შეგვეგროვებინა იმ ადამიანების ხელმოწერა, რომლებიც კაზანტიპის წინააღმდეგნი არიან. ის პეტიციას ხელს აწერს.

რაც შეეხება აქციას, მისი ორგანიზატორები არ არიან არც არასამთავრობო ორგანიზაციები  და არც „პატრიოტთა ალიანსი“. ჩვენ, როგორც კერძო პირები, არ ვიხსნით პასუხისმგებლობას აქციის ორგანიზატორობაზე. დიახ, ეს იქნება ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატულება. შეგროვებული ხელმოწერები ორშაბათს საქართველოს მთავრობას გადაეცემა.

ესაუბრა ნათია ხარბედია

25-07-2014, 12:54
უკან დაბრუნება