ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის დასაწყებად სამუშაოები 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს, უკვე მოიხატა ფესტივალის მთავარი ატრიბუტი-ყვითელი ჩემოდანი.
ამ ფესტივალის ირგვლივ საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი არსებობს, თბილისში, კანცელარიასთან ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა, ანაკლიაში კი ანაკლიისა და განმუხურის მოსახლეობამ ფესტივალის მხარდასაჭერი აქცია გამართა.
-"გვაცალეთ ანაკლიაში ცხოვრება, ხალხი ოცნებობს ამ ფესტივალზე, რადგან სიცოცხლე ჩამკვდარი იყო და ახლა ამ ფესტივალს აქაური მოსახლეობისთვის ფინანსური თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, წელს ჩავატაროთ და თუ არ მოგვეწონა, გაისად აღარ მივცეთ უფლება"-აცხადებდნენ აქციის მონაწილეეები.
თავად ფესტივალის ორგანიზატორი და კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკიტა მარშუკი აცხადებს, რომ თავადაც მართლმადიდებელია და პატივს სცემს ეკლესიას, მაგრამ მისივე თქმით ადამიანები ხშირად ცდებიან.
-"ერთად ვნახოთ, რომ არაფერი ცუდი და საშინელება იქ არ მოხდება და თუ მოხდება, ისევ ერთად შევებრძოლოთ ამ საშინელებას"-აცხადებს მარშუკი.
ტურიზმის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ფესტივალი საქართველოს კანონმდებლობას დაექვემდებარება და დაცული იქნება თითოეული მოქალაქე. გიორგი სიგუას თქმით "არავინ აპირებს ფესტივალზე ორგიების მოწყობას და ნარკოტიკების პლანტაციების გაშენებას"
კულტურის ახლადდანიშნული მინისტრი მიშა გიორგაძე კი აცხადებს, რომ ფესტივალის შედეგების მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული სწორი იყო თუ არა ეს ნაბიჯი.
ანაკლია კი ფესტივალისთვის ემზადება, მიმდინარეობს მთავარი სცენის და კარვების ქალაქის მშენებლობა, რომელიც 160 ქვეყნიდან 5000 სტუმარს მიიღებს.