სიგუას გვარზე უკვე ალერგია უჩნდება საზოგადოებას-თუ ერთმა (პრემიერყოფილმა) ლომის წილი შეიტანა კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და რუსთაველზე ძმათა სასაკლაოსმოწყობაში (თუ მოაწყობინეს, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, იარაღად გამოგიყენეს, თუ შენით გააკეთე), მეორემ, ერის ტრადიციებს და მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას წიხლი ჰკრა და სოდომ-გომორის ცოდვის მატარებელი „ფესტივალის“ ჩატარება მოინდომა, სადაც თურმე საქართველო ათეულობით მილიონი ლარის მოგებას მიიღებს . რაც მთავარია, ანაკლიელებიც ამოისუნთქავენ და საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა!
მე ადრეც ვწერდი საკუთარ სტატიაში და ახლაც გავიმეორებ: სიგუა ამ შემთხვევაში პაიკია და მხოლოდ ბრმა შემსრულებელი. არ შეიძლება დღევანდელ სიტუაციაში სიგუას დონის პაიკებმა ამხელა პასუხისმგებლობა აიღონ და ერს თავზე დაახურონ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით).
ნამდვილად არ მესმის იმ ადამიანების, ვინც გამოსავალს, კაზანტიპის ფესტივალის ჩაშლას- სიგუას განთავისუფლებაში ხედავს. უფრო არ მესმის ახლადდანიშნული კულტურის მინისტრის, როცა აცხადებს, რომ სიგუას მორალურ პასუხისმგებლობაზე თურმე ფესტივალის შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ! როგორც ჩანს, ჩვენთან უკვე ახალი ცოცხიც არ გვის!
რაც შეეხება თავად სიგუას, ნაცვლად იმისა, რომ სინანულში ჩავარდეს, ერს გულწრფელი ბოდიში მოუხადოს და პატიება სთხოვოს ანტიეროვნული საქციელის გამო, საზოგადოებას „რუსთავი 2“-ის ეთერიდან ისევ ცინიზმით ესაუბრება.
დიახ,სიგუა ბოდიშს უხდის ყველას და ითხოვს, რომ ბოდიშის მოხდას წერტილი დაესვას. ბოდიშს უხდის სიმსივნით დაავადებულ მამას, რომ ხშირად მის ტელეფონს ვერ პასუხობს, ბოდიშს უხდის ოჯახს, განსაკუთრებით 3 წლის შვილს, რომელსაც ვერ გაურჩევია მამამისი ტრაილერის მძღოლია თუ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს (!) თავმჯდომარე (ისე, სიტყვამ მოიტანა და ტრაილერის მძღოლობა ნამდვილად სჯობს სიგუას დღევანდელ მისიას).
რაც ყველაზე მთავარია, სიგუას ცინიზმს არა აქვს საზღვარი, როცა აცხადებს - მიუხედავად საზოგადოების მოთხოვნისა, ვერ დავტოვებ თანამდებობას, რადგან ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისთვის ჩემი სახელფასო სარგო ერთადერთი შემოსავალიაო.
ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს - სიგუას მაღალშემოსავლიან თანამდებობას უნდა გადავაყოლოთ საქართველო, რომ მის ოჯახს არ მოშივდეს?
არა, არა, ყველაფერს აქვს საზღვარი, მითუმეტეს, ცინიზმსაც. ამ სიტყვების შემდეგ სიგუა არა მარტო უნდა განთავისუფლდეს თანამდებობიდან, არამედ, ერის რისხვაც უნდა დატყდეს თავს. როგორ ბედავს იმის თქმას, რომ ოღონდ ჩემს ოჯახს არ მოშივდეს და ქვეყანაში ქვა ქვაზე ნუ დარჩებილაო!..
სიგუა, როგორც ჩანს, მართლაც კიკუა, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი კიკუები გამოვალთ, თუ მას შევარჩენთ ამ კაზანტიპის ჩატარებას.
ისე, ჩვენ რომც შევარჩინოთ, უფალი ამ სოდომ-გომორის ცოდვასთან გათანაბრებულ ორგიებს ნამდვილად არ გვაპატიებს.
შორია ანაკლიამდე?!
საბა საბახტარაშვილი