ივერიონი / სალომე ზურაბიშვილი:-"კაზანტიპზე დასასწრები ბილეთის შეძენა პირდაპირ რუსეთში გადარიცხვით ხორციელდება და საქართველოსთან არავითარ კავშირში არ არის!“

სალომე ზურაბიშვილი:-"კაზანტიპზე დასასწრები ბილეთის შეძენა პირდაპირ რუსეთში გადარიცხვით ხორციელდება და საქართველოსთან არავითარ კავშირში არ არის!“

   კაზანტიპის ფესტივალს და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება და ამბობს:

 

   -"კაზანტიპის" ფესტივალის ჩატარების გამოცხადებისთანავე გამოვთქვი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება არა რაღაც ფარისევლური, ვითომც მორალური მიზეზების გამო, არამედ იმიტომ, რომ "კაზანტიპის" ფესტივალი არ შეესატყვისება და ვერ გააძლიერებს საქართველოს ტურისტულ დანიშნულებას. ჩვენ თუ ამ სახით გამოვედით მსოფლიო ტურისტულ არენაზე, მერე ძალიან გაგვიჭირდება სხვა ჩვენი რეალური ტურისტული მიმართულებების გავრცელება. საქართველო პატარა ქვეყანაა და მასობრივ ტურიზმს ვერ აიტანს. მას სჭირდება ნამდვილი კონცეფცია და თავისი ტურისტული მონაცემების განვითარება. ჩემი აზრით, ეს არის, პირველ რიგში: სამედიცინო, სარეაბილიტაციო კურორტების განვითარება. ამ მხრივ, ახლახან გავრცელებული საგანგაშო ინფორმაცია ბახმაროსადმი ტურიზმის სააგენტოს გულგრილობის შესახებ უფრო მეტ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან, რადგან საინტერესოა დასაქმების კუთხითაც და სამომავლოდ ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივაც თითქმის მთელი რეგიონისთვის. საქართველო არასოდეს იქნება საზღვაო კურორტების ქვეყანა. ჩვენი სანაპირო არ არის იმ დონის, რომ მაღალი კატეგორიის ტურისტები მოიზიდოს. ალტერნატივად გვრჩება მეზობელი ქვეყნებიდან მასტურიზმი შემოვადინოთ (რაც დაწყებული იყო და შეიძლება ეკოლოგიურად და კულტურულად გამანადგურებელი აღმოჩნდეს), ან შიდა ტურიზმისთვის გამოვიყენოთ ჩვენი მოკლე სანაპირო. ამ კუთხით "კაზანტიპი" არის მხოლოდ გაგრძელება "ბათუმის თურქებისთვის უპირობო გახსნისა", ამჯერად ანაკლიას პოსტსაბჭოთა ქვეყნების გასართობ ბანაკად ქცევა. თან ამას არ მოჰყვება არანაირი ინფრასტრუქტურული გრძელვადიანი განვითარება (დროებით მონტაჟდება აუდიო და განათების საშუალებები, ასევე დროებითი თავშესაფარები)... მცირე შვებას მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას (როგორც ყოველთვის, ცოტას გაყიდის და ცოტას მიიღებს). სამაგიეროდ მთავარი მოსარგებლე გახლავთ რუსი პრომოუტერი და ისიც არ ვიცით, საქართველოს ბიუჯეტში მისი მოგებიდან რამდენი დაბრუნდება, რადგანც შემოსვლის ბილეთის შეძენა პირდაპირ რუსეთში გადარიცხვით ხორციელდება და საქართველოსთან არავითარ კავშირში არა. "კაზანტიპის" ფესტივალის რეალური პრობლემა ესაა და არა ის, რომ ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების გარეშე მიიღეს, ტურიზმის სააგენტოს სრულიად გამოუცდელი ხელმძღვანელისგან, გიორგი სიგუასგან, რომელსაც, ალბათ, უნდა მოეთხოვოს ამ ყველაფერზე ანგარიშის დადება.

 

   და ბოლოს, ამ თემის სხვანაირად გამოყენება, რომ ქვეყანაში კიდევ რაღაც ციებ-ცხელება დაიწყოს ჩვენი იდენტობის განადგურების მცდელობებზე, მიმაჩნია, როგორც პროვოკაცია. ეს არაა თემა, რომელიც მოითხოვს, რაიმე გამოსვლასა და დემონსტრაციას, ნამდვილად არ მოითხოვს ეკლესიის მობილიზებას. ამაზე დიდი გარყვნილობის საფრთხეები არსებობს, რომელიც საზოგადოებისგან და ეკლესიისგან უფრო მკვეთრ რეაგირებას მოითხოვს. მაგალითად, ნარკოტიკების გავრცელება, მკვლელობები, ოჯახური ძალადობა... მივხედოთ ჩვენს თავს და ჩვენს ცოდვებს და ნუ გადაგვაქვს აქცენტი ყოველთვის სხვაზე... "კაზანტიპი" სოდომი არ არის და არც პოლიტიკური მანიპულაციის საგანი უნდა გახდეს. თუ სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს და არა პირადი ამბიციების პოპულისტური შეძახილებით, ალბათ, კომპეტენტურ მინისტრს უნდა მივმართოთ, გადახედოს ამ საქმეს და პრემიერს, რათა შეაფასოს მიზანშეწონილება".

წყარო:-"პრაიმტაიმი"

29-07-2014, 09:17
უკან დაბრუნება