„ერისკაცთა სათათბირო-ახალი ძალა“ დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
2003-2004 წლებში მოსული ხელისუფლება,„ ნაციონალური მოძრაობის“ სახით, სამართლიანობის აღდგენას გამოხატავდა წინამორბედი მთავრობის კორუმპირებული პოლიტიკური მოხელეების დაჭერებით. „გაპარსვითა“ და საპროცესო გარიგებებით. თუ რომელიმე კორუმპირებულს ბიუჯეტში 3 მილიონის შეტანას აიძულებდნენ და დამამტკიცებელ საბუთს საზოგადოების ცხვირწინ აფრიალებდნენ, სინამდვილეში „გამოჭერილთან“ფარულ გარიგებებს აწარმოებდნენ, ათეულობით და ასეულობითა მილიონებს აყაჭინებდნენ და უსწრაფესად მდიდრდებოდნენ.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვეყანაში სისტემური მიდგომები არ შეცვლილა- თითქოსდა შეიცვალა ფორმა, მაგრამ სახე იგივე დარჩა.
სააკაშვილი და მისი ბანდა, დროზე ადრე რომ იყო დასაჭერი და საერთოდ პოლიტიკური ველიდან გასაქრობი, ამის შესახებ არაერთხელ ხმამაღლა და დაუფარავად განმიცხადებია. საქმე სხვა რამეშია:
სამწუხაროდ, სააკაშვილს და მის „ელიტარულ“ ბანდას ვედავებით ისეთ სამართალდარღვევევებში, რასაც შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებისგან, კერძოდ, ამერიკის, ან რომელიმე სხვა ქვეყნისგან პოლიტიკური თავშესაფრის მიღების გარანტია მოჰყვეს. „ნაციონალურ“ რეჟიმს 2008 წლის აგვისტოს „ომში“ სახელმწიფოებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს დადასტურებულია ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნით: სააკაშვილის ბრძანებით დაიბომბა ჩვენი მოძმე, მშვიდობიანი ოსი მოსახლეობა, დავკარგეთ ტერიტორიების 20 პროცენტი და მივიღეთ ათასობით უსახლკარო, დევნილი ადამიანი. არავინ იკვლევს სად წავიდა მეგობარი ქვეყნების მიერ დახმარების სახით გაღებული ხუთი მილიარდი. რა გამოდის? აქლემის ქურდი გვინდა ვამხილოთ ნემსის ქურდობაში?!...
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
სააკაშვილს, კეზერაშვილს, ადეიშვილს, ქვეყნიდან გაქცეულ „ემიგრანტებს“ ვამხელთ დანაშაულში, ხოლო მათზე არანაკლებ დამნაშავეებს, ქვეყნისა და ხალხის სიმდიდრის გამყვლეფებს - ნაყოფიას, ნიკოლეიშვილს, ძმებ ბეჟუაშვილებს და სხვებს „ვათეთრებთ“ და ნელ-ნელა „ქართული ოცნების“ ქურქში ვხვევთ.
მე არ მესმის ასეთი „ენთუზიზმით“ სამართლიანობის შერჩევითი აღდგენა - ეს არის ქართველი ხალხის გონებრივ სამზერში ნაცრის შეყრა და საკუთარი უნიათობის, არასახელმწიფოებრივი მიდგომების დეფიციტის შეფუთვა ძლევამოსილების ყალბი დემონსტრირებით. ეს მეთოდი მოძველებულია და იგი ფორმითა და არსით, 2003-2004 წლის ავადსახსენებელი „ნაციონალური მოძრაობის“ სტილს უფრო წააგავს. დიახ, სისტემა უცვლელია!
საინტერესოა ისიც, რომ სააკაშვილს 2007 წლის მშვიდობიანი აქციის და სამაუწყებლო კომპანია „იმედის“ დარბევას ედავება ის ხელისუფლება, რომლის ვიცე- პრემიერიც, ერთ-ერთი სერიოზული დარგის ხელმძღვანელი და სახელისუფლებო პარტიის გენერალური მდივანი ბატონი კახი კალაძე, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პრეზიდენტყოფილის ერთ-ერთი ცნობად სახეს წარმოადგენდა და, ხმამაღლა აცხადებდა, რომ, ის ენდობოდა მიხეილ სააკაშვილს და დარწმუნებული იყო, მისი მეთაურობით ქვეყნის აღმშენებლობას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ხოლო, 2007 წლის მშვიდობიანი მიტინგისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით პირში წყალს იგუბებდა - ვითარცა თევზი.
ცხადია, საქმე გვაქვს, ერთის მხრივ საქართველოს მოსახლეობის თვალში, სამართლიანობის აღდგენის მოჩვენებითი ფორმით სახელისუფლებო ღირსების შენარჩუნებასთან, ხოლო, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“თვინიერად მიჩნეული, გამდიდრებული მოხელეების „მორჯულებასთან“ და ბიზნესინტერესების გადანაწილებასთან(?!).
არადა, სამართლიანობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღდგეს ქვემოდან ზემოთ და, არა - პირიქით, ზემოდან ქვემოთ.
საქართველოს მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია, შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფილია - ასობით პოლიტპატიმარი რეაბილიტირების გარეშე დარჩა, ასეულობით ქონებაწართმეული სამართლის გზას ვერ პოულობს; ქვეყანა დღითიდღე ცარიელდება ადგილობრივი მოსახლეობისგან, ადამიანები უცხო ქვეყნებში „საშოვარზე“ გარბიან და დამამცირებელ სამუშაოს ეძებენ.
„ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალმა ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ადრე განაცხადა, რომ სააკაშვილის დაჭერა ქვეყნის იმიჯს, საერთაშორისო საზოგადოების თვალში დააზარალებსო, რადგანაც საააკაშვილის რეიტინგი უფრო მეტია, ვიდრე საქართველოსიო. ეს ძალიან საშიში და დამაფიქრებელი განცხადებაა. ის ქვეყანა მკვდრადშობილია, რომლის პირველ პირს უფრო მეტი რეიტინგი აქვს საერთაშორისო არენაზე, ვიდრე ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს.
როგორც ჩანს, ჩვენ ისევ იმ გზით და ისევ იმ წრეზე მივდივართ... სააკაშვილის მსგავსად, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლის რეიტინგმა მსოფლიოში, რომ არ გადააჭარბოს ჩვენი ქვეყნის რეიტინგს, ამიტომ შეიქმნა „ერისკაცთა სათათბირო-ახალი ძალა“, რომლის ოფისიც განთავსებულია საბურთალოზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ, „ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზში“ ჯაზუ, და რომელიც მოუწოდებს ჭეშმარიტად მოაზროვნე საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა-სარწმუნოებისა და ასაკისა გაერთიანდნენ ამ მოძრაობაში, რათა უანგაროდ დავიცვათ ქართული ღირებულებები და ის სიკეთეები შევინარჩუნოთ, რომელიც ფასეულობად ჩაითვლება არამარტო ევროპული ქვეყნებისთვის, არამედ, მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის.
ქართველობის არ უნდა შეგვეშინდეს!