"სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ცენტრის" დამფუძნებლის გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, დღეს საქართველოში სამოქალაქო აქტივობის დაფინანსება მხოლოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ხდება და ხშირად მათი გამჟღავნებული პროირიტეტები და ინტერესები ვერ მოდიან თანხვედრაში, ჩვენი საზოგადოების რეალურ ინტერესებთან და პრიორიტეტებთან. ამიტომ ვერ ხერხდება ქვეყნისთვის საშური პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვება.
-"აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უპრიანი იქნება ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ თვითონ მოახდინონ იმ სამოქალაქო აქტივობების დაფინანსება, რომელთა განხორციელება მათი აზრით საჭირო იქნება საზოგადოების განვითარებისათვის.
ამ კუთხით არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა (უნგრეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვ.), სადაც საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ მოქალაქეების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადების 1% აკუმულირდება სპეციალურ ფონდში, რომლიდანაც ფინანსდებიან შემდეგ არაკომერციული ორგანიზაციები. ამავდროულად გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება, სურვილის მიხედვით ეს თანხა მიმართოს იმ კონკრეტული ორგანიზაციის ბიუჯეტში, რომელსაც ენდობა და რომელსაც მხარს უჭერს.
საქართველოში ამ საკითხის გადასაწყვეტად მოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რადგანაც დახლოებით ასეთი იდეიის კანონპროექტი (საქართველოს კანონის პროექტი "ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ" - ინიციატორი - საქ. პარლამენტის წევრები: ზ. კვაჭანტირაძე, გ. მაღრაძე, ავტორი - "ფონდი ტასო". ინიცირებულია 2013-07-29) დიდი ხანია დევს პარლამენტის "საკანონმდებლო თაროზე", მაგრამ ჯერ-ჯერობით მას დღის სინათლე არ უხილია. გაკვირვებას იწვევს პარლამენტარების ასეთი გულგრილი დამოკიდებულება ასეთი აქტუალური საკითხისადმი და არა მარტო გაკვირვებას, არამედ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვიც, რომ მავანს და მავანს არ აწყობს საქართველოში ძლიერი და ფინანსურად დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობა.
ამიტომ, მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტის წევრებს, ვინძლო საკუთარი ხელფასების გაზრდაზე ზრუნვის პარალელურად იმ საკითხებითაც დაინტერესდნენ, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც არის საინტერესო"-ამბობს ლორთქიფანიძე.