საპარლამენტო დებატებმა აჩვენა, რომ ახალ უმრავლესობას საპარლამენტო ოპოზიციის, ანუ "ნაცმოძრაობის" სახით უტიფარი და სახიფათო ოპონენტი ეყოლება.
თუმცა ივანიშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საპარლამენტო მოსმენამ გვიჩვენა, იგი საკმაოდ პრინციპული და შეუვალი იქნება _ ახალი პრემიერი არც მალავს, რომ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და ქვეყანას ახალ რეალობაში აცხოვრებს.
"ნაცების" უტიფარი და ცინიზმით გაჟღენთილი გამოსვლები გვაფიქრებინებს, რომ ისინი "ქვეშიდან გამოსვლას", ანუ ადვილად დანებებას არ აპირებენ და მზად არიან კრიჭაში ჩაუდგნენ ახალ ხელისუფლებას. განსაკუთრებით თვალში საცემია "ქართული ოცნებისთვის" წინასაარჩევნო დაპირებების შეხსენება, რომელიც მათი აზრით, მინიმალურადაც არ ასახულა ახალ სამთავრობო პროგრამაში.
დაპირებები წინასაარჩევნო მარათონის თანმდევი ინსტრუმენტია და იგი ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად. ვის ვის და "ნაცმოძრაობას", იგივე "ახალგაზრდა რეფორმატორებს" "მოქკავშირიდან" წინასაარჩევნო დაპირებების კორიანტელი არ უნდა უკვირდეთ _ მეხსიერების დაძაბვაც არ არის საჭირო დასკვნისთვის, რომ მათ მიერ გაცემული ზეპირი, თუ ქაღალდზე გადატანილი ინდულგენციები მინიმალურადაც კი არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, რა მორალით ითხოვენ ისინი ახალდამტკიცებული მთავრობისგან დაპირებების შესრულებისთვის კონკრეტული თარიღების დასახელებას, გაუგებარია.
როგორც წესი, მთავრობამ რეალურად რომ შეაფასოს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ანუ მინიმუმ სიტუაციას უნდა ფლობდეს _ მან უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაა მეურნეობის ამა თუ იმ სექტორში, რა შანსებს იძლევა მომავალი წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
საპარლამენტო ოპოზიცია, ანუ გუშინდელი ხელისუფლება სიტუაციის არევას რომ ცდილობს და აპელირებას მათი თქმით, არარეალურ და არაკონკრეტულ სამთავრობო პროგრამაზე აკეთებს, იმის მიმანიშნებელია, რომ წინ უმძიმესი თვეები გველის. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობის პირობებში უხდება ცხოვრება _ პრეზიდენტის განუსაზღვრელი უფლებები და კონსტიტუციით გარანტირებული გავლენა რეგიონებზე, მაფიქრებინებს, რომ ახალ მთავრობას განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. ვინც ზერელედ მაინც იცნობს საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, დამეთანხმება, რომ სააკაშვილს ყველანაირი ბერკეტი უჭირავს ხელში ადგილებზე სიტუაციის ასარევად, ანუ მის განკარგულებაში მყოფი მერ-გამგებლები და ე.წ. გუბერანტორები შეიძლება თვის ტკივილი გახდეს ივანიშვილის მთავრობისთვის. გარკვეული საფრთხის შემცველია ისიც, რომ პრეზიდენტის განკარგულებაშია საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები. ერთი სიტყვით, საფრთხე რეალურია და ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოვიბათ, რომ მოვლენები სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს!
საპარლამენტო ოპოზიციას ბევრი პრეტენზიები ჰქონდა ახლადარჩეულ მთავრობასთან. ისინი ხაზს უსვამდნენ ზოგიერთი მინისტრების არაკომპეტენტურობასაც. მართალია, ივანიშვილის მთავრობა იდეალური არ არის, მაგრამ იგი არსებითად განსხვავდება "ნაცმოძრაობის" უმწიფარი და ოდიოზური მთავრობისგან. მთავრობის ყველა წევრის დახასიათებას არ შევუდგები, მაგრამ რამდენიმეს მაინც გამოვყოფ, რომლებიც თავიანთი კომპეტენტურობით მინისტრის პორტფელს ნამდვილად იმსახურებენ.
განსაკუთრებით გამოვყოფდი ბატონ დავით კირვალიძეს, რომელიც ახალ მთავრობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელს იკავებს. კირვალიძე აღნიშნული სტურქტურის ხელმძღვანელად ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მოგვევლინა და სხვათა შორის, აღიარებული იყო დარგის კომპეტენტურ და პრინციპულ ხელმძღვანელად. აღსანიშნავია, რომ მის დაბრუნებას სამინისტროში კოლეგები კმაყოფილებით შეხვდნენ.
მიმაჩნია, რომ არაფერი ვთქვა მის კომპეტენტურობაზე, თეა წულუკიანი თავისი პრინციპულობითა და შინაგანი ღირსებებით ნამდვილად იქნება ობიექტური და კვალიფიციური იუსტიციის მინისტრი. იგივე შემიძლია ვთქვა ნოდარ ხადურზე, რომელიც, როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულადაც კარგად ერკვევა საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში (იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილეც) და ყოველთვის გამოირჩეოდა ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით მინდობილი საქმისადმი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ალასანიას სახით თავდაცვის სისტემას კომპეტენტური ხელმძღვანელი ეყოლება. ამის ნათელი დასტურია მისი წინასწარი განცხადება, რომ პრიორიტეტი ჯარისკაცი იქნება _ სისტემაში წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებაც. საკმაოდ გონივრულ ნაბიჯად მიმაჩნია ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელებად ნოდარ ჯავახიშვილისა და რეზო შავიშვილის კანდიდატურების დასახელებაც. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად უმტკივნეულოდ იქნება შესაძლებელი სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ამ კანდიდატურების დამტკიცება.
"ნაციონალებმა" ახალ პრემიერ-მინიტრს არა მარტო სამთავრობო პროგრამა დაუწუნეს, რომელიც მათი აზრით, საკმაოდ ზოგადია და დაკონკრეტებას მოითხოვს, არამედ მასთან ერთი კონკრეტული კითხვაც გაუჩნდათ: როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი წელიწადნახევარში იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც წინასაარჩევნოდ უხვად დაარიგა. სხვათაშორის, კითხვა საფუძველს მოკლებული არ არის _ ფაქტია, რომ ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის ამ მოკლე დროში დალაგება შეუძლებელია. რას ნიშნავს მაშინ ივანიშვილის განცხადება, რომ იგი წელიწადნახევარში პოლიტიკას დატოვებს და სამოქალაქო სექტორში წავა? თუ ივანიშვილის მიერ განვლილ გზას თვალს გადავავლებთ, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, ანუ ბრძოლის ველიდან გაქცევა, მის ხასიათში არ არის. საინტერესოა, როგორ მოახერხებს იგი აღებული ვალდებულებების შესრულებას, მით უმეტეს, თუ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ნაციონალებთან" ჭიდილის მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს?! ვის მოიაზრებს იგი მომავალ პრეზიდენტად და ვის ტოვებს თავის შემცვლელად? ეს კითხვები დღეს ყველაზე მეტად აქტუალურია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა მეტნაკლებად მისაღებია საზოგადოებისთვის, გაჩნდა ვერსია, რომ ეს გარდამავალი მთავრობაა და ივანიშვილი "ოქროს რეზერვებს", ანუ საკადრო რესურსებს მომავლისთვის ინახავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგი კარგი მენეჯერია, შეიძლება მისი სტრატეგია ზუსტად "ოქროს რეზერვების" ამოქმედებას ითვალისწინებს და დღევანდელი მთავრობა ტაქტიკური სვლაა მიზნის მისაღწევად.
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ დღევანდელი მთავრობა უფრო პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული გუნდია და ბუნებრივია, ამას ვერც აცდებოდა, მაგრამ თუ ქვედა რგოლებში კადრების დაკომპლექტების მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი არ იქნება, არსებით შედეგებზე საუბარი ზედმეტია _ ვფიქრობ, თავად პრემიერმა უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ახალი ხელისუფლება საკადრო რესურსებს პოლიტიკური ნიშნით არ აკომპლექტებს და მთავარი მოთხოვნა პროფესიონალიზმი იქნება. ბევრია ისეთი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობა შევარდნაძის თუ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოუწია, მაგრამ თავისი პროფესიონალიზმით მხარდაჭერას იმსახურებს. გაცილებით უფრო მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არც ერთი ხელისუფლება არ სწყალობდა, მაგრამ საკუთარი პროფესიის უბადლო ოსტატები არიან. სწორედ ასეთ ადამიანებში იმალება ე.წ. "ოქროს რეზერვები", რომლის ამოქმედება გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
თუ სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობასა და სამართლიანობის დამკვიდრების დეკლარირებას ვაკეთებთ, სამართლიანობის აღდგენა სწორედ კომპეტენტური კადრების მობილიზებით უნდა დავიწყოთ.
თუ რა გზას დაადგება ამ თვალსაზრისით ივანიშვილის მთავრობა, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს!
ზაურ ნაჭყებია