ივერიონი / ვინ არის გიორგი სიგუა: უტიფარი ჩინოვნიკი თუ კაზანტიპის ფესტივალს შეწირული პაიკი?!

ვინ არის გიორგი სიგუა: უტიფარი ჩინოვნიკი თუ კაზანტიპის ფესტივალს შეწირული პაიკი?!

მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია (და ეს ეკონომიკის სამინისტრომაც დაადასტურა), რომ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სიგუა თანამდებობიდან გადააყენა (როგორც იტყობინებიან ბრძანება 4 აგვისტოს შევა ძალაში). განთავისუფლების მიზეზად სიგუას ცინიზმით გაჯერებული, ჩინოვნიკისთვის შეუფერებელი საქციელი სახელდება...

ეტყობა, კვირიკაშვილის ბოდიში არ აღმოჩნდა საკმარისი, საზოგადოების მხრიდან ტურიზმის ხეომძღვანელისადმი წამოსული აგრესია განეიტრალებულიყო.

მე ცოტა ხნის წინ ვწერდი, რომ კაზანტიპის ვაკხანალიის განტევების ვაცი სწორედ სიგუა იქნებოდა, მაგრამ, ეს რომ არაფერს ცვლის, ფაქტია. ჯერ ერთი, სიგუას თანამდებობიდან განთავისუფლება ავტომატურად კაზანტიპის ფესტივალის ჩაშლას არ გულისხმობს, მეორეც, სიგუას ცინიზმი და ქართველი ერის მასხრად აგდება არა მარტო მისი აღზრდის ბრალია, არამედ, იმ საერთო  განწყობის ანარეკლია, რაც ზოგადად საქართველოში სუფევს!

 



ვერავინ დამაჯერებს, რომ ერთმა უტიფარმა ახალგაზრდა ჩინოვნიკმა ასეთი მასშტაბური, ერის მენტალობისა და ტრადიციებისთვის მიუღებელი, ე.წ. მუსიკალურ ფესტივალს ამოფარებული ამაზრზენი ღონისძიების გამართვაზე პასუხისმგებლობა  „ვერხუშკებთან“ შეუთანხმებლად საკუთარ თავზე აიღო.

ამ აზრს კიდევ უფრო ამყარებს დუმილი ხელისუფლების მხრიდან - მიუხედავად კაზანტიპის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა, მთავრობას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მითუმეტეს, კაზანტიპის ფესტივალის ანტიეროვნულ ხასიათზე და მისი ჩატარებით გამოწვეულ დამანგრეველ შედეგებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს საპატრიარქომაც.

არ ვიცი, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის ნიკო მადირაშვილის  მიმართვამ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისადმი - გადაეყენებინა თანამდებობიდან გიორგი სიგუა, როგორც ქართველი ერის ინტერესების მოღალატე (მიმართვა „ივერიონში“ გამოქვეყნდა) იმოქმედა, თუ იგი მართლაც კაზანტიპს შეწირული პაიკია, მაგრამ ეს პრობლემას არსებითად რომ არ ხსნის, ფაქტია.

ავი ენები ამბობენ, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენება სწორედ კაზანტიპის ფესტივალის გადაფარვას ემსახურება. ამბობენ იმასაც, რომ ეს მხოლოდ კერძო ინიციატივა არ არის და არც ტურისტების მოზიდვას, არც ბიუჯეტის და, მითუმეტეს, არც ადგილობრივი მოსახლეობის გამდიდრებას ემსახურება - საქართველოს გარკვეული ვალდებულება აქვს აღებული მავანთა და მავანთა წინაშე.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელი მრევლი და სასულიერო პირები მასშტაბურ აქციას გეგმავენ კაზანტიპის ფესტივალის ჩაშლის მოთხოვნით. ნათქვამია ისიც, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციას ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდება.
ხელისუფლების დღევანდელი განწყობით თუ ვიმსჯელებთ, ძნელია იმის თქმა _ ჩაიშლება თუ არა გიორგი სიგუას ინიციატივით დაგეგმილი აღვირახსნილი ბალ-მასკარადი, მაგრამ, ორი აზრი არ არის - კაზანტიპი  საქართველოში არ უნდა ჩატარდეს!

საბა საბახტარაშვილი

31-07-2014, 11:16
უკან დაბრუნება