მას შემდეგ, რაც ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ვუყურე და ამ საამაყო ჯარისკაცების გვერდით ვიდექი, არ მსურს ყოფილ პრეზიდენტზე კომენტარი გავაკეთო, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს პასუხს ობიექტური სასამართლო გასცემს.
"რაც მთავარია ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ობიექტურები. გუშინ მე გავავრცელე განცხადება, დამატებით ამაზე საუბარი არ მსურს,"- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ვაზიანის პოლიგონზე პრემიერი საველე სწავლებას- "ვაზიანი 2014" დაესწრო, რომელიც თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. პრემიერ-მინისტრი, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ასევე დაესწრო ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებში "მაილსის" ლაზერული სისტემების გამოყენებით გამართულ პირველ წვრთნას. საველე სწავლების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ამაყია ქართული ჯარის მობილიზებულობითა და პროფესიონალიზმით.
"თითოეული ჯარისკაცი არის ჩვენი ქვეყნის საამაყო. ჩვენი ჯარი და ჩვენ ყველა ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სამსახურში და მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჯარს მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.