რუსეთის მხრიდან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეჩერებას ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე გამოეხმაურა და განაცხადა:
-"თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაუქმება ნებისმიერ შემთხვევაში გააძვირებს რუსეთის ბაზარზე ქართულ ექსპორტს, მაგრამ ეს ტრაგიკული არ არის. ჩვენ რუსეთთან ის რეჟიმები გვექნება, რომელიც მსოფლიო სავჭრო ორგანიზაციის მიერ არის დაწესებული. იმ ნორმებს რუსები ვერ გადავლენ. რაც შეეხება ქართული ექსპორტის დივერსიფიკაციას, მე ამის არ მჯერა, რადგან ბაზარი არ შეიძლება ერთმანეთის ჩამნაცვლებელი იყოს. ეკონომიკა სხვა პრინციპებზეა აგებული – სადაც რაიმე გეყიდება, უნდა გაყიდო და სადმე თუ გზღუდავენ, თავისთავად უსიამოვნო და ზარალის მომტანია, საჭიროა ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა".
თუ რატომ მოყვება ამ პროცესს ქართული ექსპორტის გაძვირება, ექსპერტი ასე ასაბუტებს:
-"რუსეთის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა სავაჭრო ურთიერთობებში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებსა და სატარიფო განაკვეთს დაექვემდებარება, ან საუკეთესო შემთხვევაში საშუალო შეწონილი ტარიფი იქნება დაწესებული, ისევე როგორც რუსები აპირებენ უკრაინისთვის დაწესებას – ეს არის დაახლოებით 7.8% საბაჟო გადასახადი, რაც თავისთავად აძვირებს პროდუქციას და გარკვეულწილად ზღუდავს ბაზარზე დამკვიდრებას".