ივერიონი / "არ დავიშლებით, კიბეებზე გავათენებთ ღამეს, რუპორით შემოვივლით და გამოვაღვიძებთ მთელ საქართველოს"

"არ დავიშლებით, კიბეებზე გავათენებთ ღამეს, რუპორით შემოვივლით და გამოვაღვიძებთ მთელ საქართველოს"

   დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან "იბერიელთა კავშირმა" აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით მათი მიზანია ფართო საზოგადოების ყურამდე კიდევ ერთხელ მიიტანონ იმ ოჯახების გასაჭირო, რომლებიც ბანკის თუ იპოთეკარების ვალების გამო უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან და მთავრობისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვონ.

    კავშირის თავმჯდომარე, დარინა ლომინაძე აცხადებს:

   -"გამწარებული ხალხის მოსმენა ყოველ დღე მიწევს და ყოველ დღე ახალ–ახალ შემზარავ ფაქტებს ვისმენ. ყოველ დღე  ერთიდაიგივეს ხმამაღლა ვიმეორებ და ახლაც გავიმეორებ "ერთ დღესაც ხალხი უმართავი გახდება!" ვალით შეწირულებს კიდევ ერთი ახალგაზრდა მიემატა, ერთი ოჯახიდან დედა მეორე შვილს ასამარებს! შემთხვევა ხაშურში მოხდა და ეს გახდა უკანასკნელი წვეთი ჩვენი მოთმინების. დღეს დავიწყეთ აქცია და იქამდე არ დავიშლებით, სანამ მთავრობა არ დაგვეხმარება და არ იფიქრებს ამ პრობლემის მოგვარებას".

   აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი მამისა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ აქციას კიდევ შეემატებიან ადამიანები რეგიონებიდან და აქციის მონაწილეთა სახელით მადლობა გადაუხადა პარლამენტარ გედევან ფოფხაძეს, რომელიც მისივე თქმით მათ გვერდით დგას და ცდილობს დაეხმაროს.

 

ოპერატორი ამირან კურტანიძე

 

    აქციის მონაწილეებმა დღესვე პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვა შეიტანეს და მთელ საზოგადოებას გვერდით დგომისკენ მოუწოდეს, მათ ასევე მიმართეს პოლიტიკურ პარტიებს და მხარდაჭერა ითხოვეს:

   -"დღეს ჩვენ ვართ გასაჭირში, არავინ იცის ხვალ ვის რა ელოდება, დავდგეთ ერთად და ერთხელ და სამუდამოდ ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

   ამ წუთებში აქციის მონაწილეები ისევ კანცელარიასთან არიან შეკრებილნი და დაშლას არ აპირებენ.

 

31-07-2014, 23:14
უკან დაბრუნება