საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში, ახალგაზრდა პოეტის, ოთო გურგენიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მთელი საქართველო შეძრა ახალგაზრდა კაცის დაღუპვამ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა მცირეწლოვანი ბავშვის გადასარჩენად. ოთარ გურგენიშვილის თავგანწირვა სამოქალაქო გმირობის მაგალითია მთელი საზოგადოებისთვის. ამ საქციელით მან უსაზღვრო კეთილშობილების, კაცთმოყვარეობის საოცარი მაგალითი მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რას ნიშნავს მოყვასისათვის თავგანწირვა.
ასეთ გმირებს ხალხი არ ივიწყებს. გმირები მხოლოდ ომის დროს არ იბადებიან. ასეთ გმირებზე დგას სამყარო.
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ ოთარ გურგენიშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. მათ განუზომელ ტკივილსა და მწუხარებას მთელი საქართველო იზიარებს.
გმირულად დაღუპული ახალგაზრდა - ოთარ გურგენიშვილი ნამდვილად იმსახურებს ჯეროვან დაფასებას და სახელის უკვდავყოფას. მე ქედს ვიხრი მის წინაშე, მისი ოჯახის წინაშე და მიმაჩნია, რომ ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ მას სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის."- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ახალგაზრდა პოეტმა, ოთო გურგენიშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.