უკვე რამდენიმე დღეა ცნობილია, რომ 1 აგვისტოს პრეზიდენტი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.
უშიშროების დღევანდელ საბჭოს სხდომაზე ნატო-ს უელსის სამიტამდე დაგეგმილ ნაბიჯებს განიხილავენ.
როგორც მინისტრებმა განაცხადეს, უშიშროების საბჭოს სხდომა მხოლოდ უელსის სამიტის გამო დაინიშნა.
"განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც იქ მიგვაქვს და იმას, რასაც სამიტისგან ველით. დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი იქნება და ამ საკითხებზე იქნება საუბარი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
ევროპულ და ევროატლანტიკულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა კი აღნიშნა, იგი საბჭოს საქართველოს მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
"ჩამოყალიბდა ჩვენი პოზიცია და უფრო ნათელი სურათი იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ნატო–ს წევრ სახელმწიფოებს აქვთ და რა კონკრეტული ნაბიჯები გვესახება აუცილებლად გადასადგმელად უახლოეს პერიოდში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გაიმართება და მას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.