აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო საფეხბურთო კლუბ "ჩიხურასა" და "ნეფთჩის" ქომაგებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ბაქოში 31 ივლისს რიგმა ქართველმა ქომაგმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს. ქართველმა ქომაგებმა სტადიონის ტრიბუნაზე რუკა გამოფინეს, რომელზეც აზერბაიჯანის ზაქათალისა და კახის რაიონები მითითებული იყო, როგორც საქართველოს ტერიტორია. ამ ფაქტმა ადგილობრივ გულშემატკივრებში მწვავე პროტესტი გამოიწვია, რის შედეგადაც ჩხუბი მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა და შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურეებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩხუბი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო. წინასწარი ვარაუდით, პროვოკაცია იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შეფერხებას ცდილობენ. ინციდენტის გამოძიებას საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცველი ორგანოები აწარმოებენ".
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ბაქოს "ნეფთჩი" საჩხერის "ჩიხურას" მასპინძლობდა. მატჩის მსვლელობისას ქართველმა ქომაგებმა "ბაქსელ არენას" ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული, სადაც საუკუნეების წინ დაკარგული ტერიტორიებიც იყო მიერთებული, მათ შორის ორი აზერბაიჯანული ქალაქი – ზაჰათალა და კახი.
გულშემატკივრებს შორის არეულობა სწორედ ქართველების მიერ გამოფენილმა ბანერმა გამოიწვია, რის შედეგადაც მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ათი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები წუხელვე გაათავისუფლეს და ისინი ბაქოში საქართველოდან ჩასული გულშემატკივრების ჯგუფთან ერთად დაბრუნდებიან.
უკვე ცნობილია, რომ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა კი ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.