სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილს შეუფარდა.
როგორც გახსოვთ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელების და მისი მეთაურის მიხეილ სააკაშვილის უკანონო მოქმედებების შედეგად: დაირღვა არკადი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება, ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
როგორც ცნობილი ხდება, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ, ასევე გასაჩივრდება სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართაც.
რაც შეეხება ყოფილ მერს გიგი უგულავას, რომელსაც უკვე აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს (5 წელი პატიმრობა აქვს შეფარდებული), მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, დაცვის მხარე ყველა ფორმალურ პროცედურას გაივლის. მისი თქმით, გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია და მხოლოდ ბურჯანაძის და კიდევ ერთი მოწმის ჩვენებები აქვს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა.