ივერიონი / მიხეილ სააკაშვილი:-"მათაც ისევე მოევლებათ, როგორც იანუკოვიჩს და მათ სხვა მოკავშირეებს"

მიხეილ სააკაშვილი:-"მათაც ისევე მოევლებათ, როგორც იანუკოვიჩს და მათ სხვა მოკავშირეებს"

   მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს:

   "რუსეთს და მასთან დაახლოებულ პირებს როგორც ჩანს, ყველაფრის კეთება ივლისს-აგვისტოში უყვართ, როცა დასავლეთის პოლიტიკოსები, როგორც წესი შვებულებას იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, დღეს დილიდან უკვე დამირეკა რამდენიმე სენატორმა ამ საკითხზე, ორი ევროპული ქვეყნის ლიდერმა უკვე. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს მიღწევებზე საუბრის ნაცვლად, რაც იყო ჩემი ტრადიციული საუბარი ამ ხალხთან, მიხდება საუბარი ერთი რუსი ოლიგარქის ბოღმასა და აკვიატებებზე და იმაზე, რომ მისი ინტერესები მთლიანად დაემთხვა ამ შემთხვევაში პუტინის ინტერესებს. ივანიშვილი არის "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერი და აგვისტოს ომის წლისთავზე პუტინი ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებამ გასცეს ჩემი დაპატიმრების ბრძანება. 

 

   მე პირველად საბჭოთა კავშირის კაგებემ დამაპატიმრა, უნივერსიტეტის პირველ კურსზე და მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა. შემდეგ გასული წლის დეკემბერში იანუკოვიჩმა გამომაცხადა პერსონა ნონ-გრატად და ორ თვეში იქცა თვითონ საერთაშორისო ძებნილად. პუტინი მთელი ეს პერიოდი ითხოვს ჩემს მოკვლას ან დაპატიმრებას და პუტინს მთლად კარგად არ აქვს საქმე. 

 

   იმ ხალხსაც, ვინც ბრძანება გასცა დღეს, მე ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში, მათაც ისევე მოევლებათ, როგორც იანუკოვიჩს და მათ სხვა მოკავშირეებს. მაგრამ მე მინდა, რომ შეიქმნას იურისტების ჯგუფი, რომელიც დაადოკუმენტირებს, არა მხოლოდ ბრძანების გამცემებს, არამედ ყველა მოსამართლის და პროკურორის ქმედებას. ჩვენ ეს არ უნდა დაგვჭირდეს შურისძიებისთვის, მაგრამ გავიხსენოთ, რომ უკრაინაში გარკვეული სამართლებრივი ქმედებები განხორციელდა მათ მიმართ, ვინც ლუცენკო, ტიმოშენკო და სხვები უკანონოდ დააპატიმრეს, საქართველოს მომავალში ეს მასალები გამოადგება.

 

ვთქვი ადრე და ვადასტურებს ახლაც, ნამდვილად არ ვაპირებ, "გაზპრომის" აქციონერის მიერ კონტროლირებადი პროკურატურის დაბარებაზე გამოვცხადდე. ყოველთვის ვიქნები ძალიან შორს, როცა ისინი დამიბარებენ, მაგრამ ვიქნები ძალიან ახლოს, როდესაც ქართველი ხალხი მომიხმობს".

 

2-08-2014, 11:23
უკან დაბრუნება