საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან. განხილულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია აპირებს შეაჩეროს საქართველოსა და რუსეთს შორის 1994 წელს გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ზურაბ აბაშიძე დაინტერესდა, თუ რა სამართლებრივ საფუძველზე გეგმავს რუსეთის მხარე აღნიშნული შეთანხმების შეჩერებას და რა ვადებშია გათვალისწინებული ამ პროცედურის განხორციელება.
კარასინმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შეძლებისდაგვარად მიაწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს შესაბამის ინფორმაციას. აღინიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაიმართოს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე მორიგი საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა.
საუბარი შეეხო ასევე 15 სექტემბრიდან თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხსა და ჰუმანიტარულ თემატიკას.