22 წლის კაპრალი თემურ დადიანი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ფეხი დაკარგა, თუმცა ბუნებით ძლიერმა ადამიანმა ყველას დაუმტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ახლა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება.
როგორც ცნობილია, რეკორდების წიგნებში მოხვედრას ერთ-ერთი უიშვიათესი ფიზიკური ვარჯიშის - ე.წ. "ამპუტირებული აზიდვების" შესრულებით აპირებს, რომლის დროსაც ის მხოლოდ ხელებს ეყრდნობა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კი ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ინარჩუნებს. ეს მოძრაობა ტანვარჯიშის ერთ-ერთი ცნობილი ელემენტის, ე.წ. "ფლენჩის" (Pლანცჰე) სახესხვაობაა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ამ ელემენტის შესრულების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა, განსაკუთრებული სირთულის გამო, მსგავსი რეკორდი აქამდე არასოდეს დამყარებულა.
თემურ დადიანის სარეკორდო ასპარეზობა 3 აგვისტოს, 13:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართება. გინესის მოთხოვნების შესაბამისად, თემურმა ერთი წუთის განმავლობაში მინიმუმ 10 აზიდვა უნდა შეასრულოს. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება და წარმატების შემთხვევაში ადგილზე დაადასტურებს ქართველი ჯარისკაცის შედეგს.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.