ივერიონი / ნატალია ხოხიაშვილი:-"სადღეისოდ კანონმდებლობით არ არსებობს შეტყობინების ვალდებულება იმ პირისთვის, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა"

ნატალია ხოხიაშვილი:-"სადღეისოდ კანონმდებლობით არ არსებობს შეტყობინების ვალდებულება იმ პირისთვის, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა ემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი პარლამენტის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებას ეხმიანება და წერს:

 

   -"პარლამენტმა მესამე მოსმენით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი დღეს 76 ხმით, ერთხმად მიიღეს. 

   ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებები რამდენიმე კანონში: "ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ" კანონში, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" კანონში, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში აისახა. 

აღნიშნულ კანონებში განხორციელებული ცვლილებებით ფარული მიყურადება, თვალთვალი, სატელეფონო მოსმენები და ასე შემდეგ, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია პირადი, პერსონალური ინფორმაციის მოპოვებასთან, სისხლის სამართლის საპროცესო ღონისძიებების ნაწილი ხდება. 

   მიღებული ცვლილებებით, სიახლეა ისიც, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს პარლამენტი აირჩევს და ის პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. მიღებული კანონპროექტით, ინსპექტორს უფლება ეძლევა შეამოწმოს ნებისმიერი - როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაწესებულება, მათ შორის სამართალდამცავი სისტემა, თუ მისი საქმიანობა პერსონალურ მონაცემებს ეხება. ასევე, მას შეეძლება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს, მიზანშეწონილად მიჩნეული ორგანიზაცია შეამოწმოს. 

   განისაზღვრა დანაშაულთა კატეგორიები და ფარული მოსმენები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განზრახ დანაშაულებზე, განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე. ასევე განისაზღვრა პირთა წრე, თუ ვის მიმართ შეიძლება განხორციელდეს ფარული მოქმედებები - ეს არის პირი, რომელიც ან პირდაპირ კავშირშია დანაშაულთან, ან პირი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი კომუნიკაციას ახორციელებს. 

   სადღეისოდ კანონმდებლობით არ არსებობს შეტყობინების ვალდებულება იმ პირისთვის, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. მიღებული კანონპროექტი შეტყობინების ვალდებულებას აწესებს - ნებისმიერ პირს იქნება ეს სამართალწარმოების მხარე, თუ მესამე პირი, აუცილებლად როდესმე უნდა ეცნობოს, რომ მის მიმართ ფარული ღონისძიება განხორციელდა. შეტყობინების გარდა, პირს უფლება ეძლევა გაასაჩივროს მის მიმართ განხორციელებული ფარული ღონისძიებების კანონიერება და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ უკანონოდ განხორციელდა ფარული ღონისძიება, ეს აჩენს საფუძველს გადაისინჯოს ეს გადაწყვეტილება, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი ამ ღონისძიების შედეგად მიღებული მტკიცებულება და ასევე პირს აძლევს საფუძველს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

   გარდა ამისა, რეგლამენტირებული ხდება, ვინ არის ფარული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი – გამოძიების სტადიაზე ეს არის პროკურორი, სასამართლო წარმოების სტადიაზე – სასამართლო, სადაც არის ეს ინფორმაცია. 

   პროექტით განსაზღვრულია ინფორმაციის განადგურების სამსაფეხურიანი რეჟიმი. რეგულაცია წესდება განადგურებაზეც. 

   საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განისაზღვრება ისიც, რომ ფარული მოსმენები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უშიშროება, უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი, პროპორციული და უკიდურესი საშუალება – თუ ამ ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის შესაძლებელია სხვა ღონისძიბების განხორციელება, ფარული საგამოძოებო ღონისძიებების გამოყენება არ უნდა მოხდეს.

ამასთან, კვლავ ღიად რჩება ერთი საკითხი - ვის ხელში უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღები". თავდაპირველად საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში შეთავაზებული იყო ვარიანტი, რომ "გასაღები" პროვაიდერი კომპანიების ხელში გადასულიყო - კომპანიებს მიეღო სასამართლო განჩინება, თუ ვის მიმართ ხორციელდება ფარული ღონისძიება და იქიდან მომხარიყო შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სამართალდამცავი ორგანოებისათვის. აღნიშნულ ინიციატივაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ფარული ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე დაინახეს. საკითხზე დისკუსია სამუშაო ჯგუფში გაგრძელდება".

2-08-2014, 15:38
უკან დაბრუნება