საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.
ამჟამად პრემიერი სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფება. ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღის სამუშაო გრაფიკი საკმაოდ დატვირთული აქვს.
"შეხვედრა მაქვს დანიშნული ჯერ დავით საგანელიძესთან, შემდეგ მაია ფანჯიკიძესთან, დავით კირვალიძესთან, ირაკლი ალასანიასთან. პირველ საათზე კი, კანცელარიაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ველოდებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრების შემდეგ, 15:00 საათზე მთავრობის სამუშაო სხდომა გაიმართება. ივანიშვილის თქმით, მთავრობა სამინისტროების დაკომპლექტების დასრულებისთვის იკრიბება. "მოადგილეები უნდა დავამტკიცოთ, ამის შემდეგ მომზადდება გრაფიკი, თუ რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი. ამ პროცესს დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის თავზე არ არის გამორიცხული, საზღვარგარეთ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტიც შედგეს.