იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ცნობით, ბიომეტრიული პასპორტების გაცემაზე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებების მიღება 10 აგვისტოდან განახლდება.
-"10 აგვისტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში განახლდება განაცხადების მიღება და მოხდება მხოლოდ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემა. კანონის თანახმად, ბიომეტრული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისგან ბიომეტრული მონაცემების მიღება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები თხოვნით მიმართავენ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, "გაგებით მოეკიდნონ საზღვარგარეთ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემის პროცესში, პირველ ეტაპზე წარმოქმნილ შესაძლო შეფერხებებს".