მანანა ბერიკაშვილის კულტურის მინისტრის მოადგილედ განმეორებით დანიშვნას "ნაციონალური მოძრაობა" გამოეხმაურა. ამ თემაზე პარტიის ცენტრალურ ოფისში გიორგი ღვინიაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.
-" ნაციონალური მოძრაობა" გამოთქვამს შეშფოთებას კულტურის მინისტრის მოადგილედ მანანა ბერიკაშვილის ხელახლა დანიშვნის გამო. ქალბატონმა მანანამ საზოგადოებას თავი 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გარდაცვლილი ჩვილი ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებით დაამახსოვრა. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ერთად, იმ დროისთვის გურჯაანის რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბერიკაშვილმა რაფალიანცის გარდაცვალება უაპელაციოდ დააბრალა პოლიტიკურ ოპონენტებს რათა მის პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული პოლიტიკური სარგებელი მიეღოთ. არჩევნების შემდეგ, არაერთგზის გვესმოდა ღარიბაშვილის დაპირებები გამოძიების "პირად კონტროლზე" აყვანის შესახებ. მოცემული საქმე, სხვა მრავალ საქმესთან ერთად - რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა და იყენებს და რომლებზეც ააგო კიდეც მთავრობამ საკუთარი საქმიანობის მთავარი ფოკუსი - კვლავაც გამოუძიებელია. მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ ბერიკაშვილის და ღარიბაშვილის ამაზრზენი ბრალდება იყო სრული სიცრუე, არც ქ-ნ ბერიკაშვილს და არც ბ-ნ ღარიბაშვილს საზოგადოების წინაშე ბოდიშიც კი არ მოუხდიათ.
ამდენად, მანანა ბერიკაშვილის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნება წარმოადგენს მთლიანად საზოგადოების შეურაცხყოფას. ბერიკაშვილის დანიშვნა ასევე წარმოაჩენს ახლადდანიშნული კულტურის მინისტრის უმწეობას პასუხისმგებლობა გაქცეული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დიქტატის წინაშე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბერიკაშვილის დანიშვნა სწორედ ივანიშვილის ინიციატივაა. ეს ალბათ ლოგიკურიცაა რადგან 2012 წლის 30 სექტემბრის ღამეს კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ჩვილი ბავშვის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ბიძინა ივანიშვილის მორალის და პოლიტიკური რენომეს რეალური ანარეკლია".