ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას დროებით თამარ ჩიკვაიძე შეასრულებს, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გიორგი სიგუა 4 აგვისტოდან თანამდბობიდან გათავისუფლებულია.
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გიორგი სიგუას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც სამინისტროს მხრიდან, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, გიორგი სიგუას გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება. კერძოდ, 4 აგვისტოდან დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ გიორგი სიგუას მიერ 30 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის თითქოსდა არ იყო ინფორმირებული თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება - პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვადასხვა დროს გიორგი სიგუას არაერთხელ მიეცა ზეპირი გაფრთხილება მის მიერ განხორციელებული სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო და ასევე, სამინისტროს მიერ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების თაობაზე გიორგი სიგუასთვის იყო ცნობილი. ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს გიორგი სიგუას განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აგვისტოს თვეში არ აპირებს თანამდებობის დატოვებას დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო - ამ კომენტარის გაკეთების მომენტისთვის მას მინისტრის სახელზე უკვე დაწერილი ჰქონდა განცხადება 4 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე შვებულებით სარგებლობის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 29 ივლისს დარეგისტრირდა,"- ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.