"ეს შენ გეხება" აღნიშნავს, რომ ცვლილებებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მეტად დაუახლოვდება ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სტანდარტებს.
"ახალი საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად თვალთვალი და მიყურადება განხორციელდება მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირების და იმ პირების მიმართ, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი პირისაგან იღებენ ან მას გადასცემენ დანაშაულის შესახებ ინფორმაციას; იმ პირების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ასევე, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ, რომელთა ქმედება მიმართულია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ან წარმოადგენს ეკონომიკური ტიპის დანაშაულს; შეიზღუდება ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ხანგრძლივობის ლიმიტი და იგი ვერ გაიცემა 6 თვეზე მეტი ვადით. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების, მის შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და ამ მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება; ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონთან შესაბამისობაში განხორციელების ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს. მისი უფლებამოსილება ასევე გავრცელდება მონაცემთა სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის იმ ნაწილზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას; პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს დანიშნავს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატიდან. პრემიერ-მინისტრი არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კანდიდატს არჩევს ხელისუფლების სამივე შტოს, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოებისაგან შემდგარი კომისიის მიერ წარდგენილი სიიდან; პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ხელი მიუწვდება დანაშაულის, ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალებზე, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.
კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ თემაზე გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 1 ნოემბრამდე უნდა იქნას მიღებული. ამ დრომდე კი სამართალდამცავი ორგანოები ინარჩუნებენ რეალურ დროში კომუნიკაციის შესახებ კავშირგაბმულობის არხში მონაცემების კოპირების უფლებასაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეალურ დროში მონაცემთა კოპირების შეზღუდვის საკითხი, კანონპროექტის მე–3 მოსმენით განხილვის დროს იქნა შეცვლილი და ამოღებული სამართალდამცავი ორგანოების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, რასაც კამპანია "ეს შენ გეხება" გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხის 1 ნოემბრამდე დარეგულირების პირობით. 1 აგვისტოს, შეიქმნა 18 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ზემოხსენებულ ვადაში უნდა უზრუნველყოს, ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მეშვეობით განხორციელებული, კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის მოპოვების წესის დადგენა, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებაზე ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმის დანერგვა, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება, ასევე, კავშირგაბმულობის არხებში მონაცემთა რეალურ დროში კოპირების საკითხის დარეგულირება. "კამპანია ეს შენ გეხებაში" გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მყარად ინარჩუნებენ პოზიციას იმასთან დაკავშრებით, რომ კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის და კავშირგაბმულობის არხებში მონაცემთა რეალურ დროში მიწოდების საკითხი მობილური ოპერატორების კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია სწორედ ამას ითვალისწინებდა და იგი ეყრდნობოდა კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. იმედს ვიტოვებთ, რომ სამართალდამცავი ორგანები არ შეეწინააღმდეგებიან "კამპანია ეს შენ გეხებაში" გაერთიანებული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების რჩევებს, ხოლო საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს მოსმენებთან დაკავშრებით მანკიერი პრაქტიკის დასასრულს"–ნათქვამია "ეს შენ გეხებას" განცხადებაში.