ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლიდერების მიმართ დაუსჯელობის სინდრომი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, თუმცა ყოველი ბრალდება მტკიცებულებით გამყარებული უნდა იყოს.
-"ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც გამოძიება ობიექტურია, ფაქტობრივი გარემოებები მყარია, ხოლო სასამართლო პროცესი აბსოლუტურად დამოუკიდებელი და სამართლიანია. გაერო პირდაპირ გვეუბნება - არ მიქაროთ და ვითომდა პოლიტიკური მოტივების არსებობის გამო თვალი არ დახუჭოთ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს დაუსჯელობის სინდრომი ლიდერების მიმართ. მე ამას ბოლომდე ვიზიარებ და "ნაციონალურ მოძრაობას" ვეკითხები - ხვალ რომ მათი ოფისი ან "რუსთავი 2" დაარბიოს სპეცრაზმმა, მოითხოვენ თუ არა ღარიბაშვილის პასუხისმგებლობას?! რა თქმა უნდა, მოითხოვენ და მართლებიც იქნებიან. ჩვენ სხვას არაფერს ვაკეთებთ. სააკაშვილის გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი წყდებოდა, მაგრამ როგორც სამართლებრივ ქვეყანას, მოგვეთხოვება, ყველა ბრალი დავამტკიცოთ მყარი მტკიცებულებებით. ოპოზიცია, ხელისუფლებაში ყოფნისას თავად პოლიტიკური მოტივებით დევნიდა მოქალაქეებს და იგივე სტილი უნდა, მიანიჭოს ჩვენს მმართველობასაც. ამავდროულად, ისინი ფიქრობენ, რომ თუ მტრის ხატის ირგვლივ გაერთიანდებიან და ხშირად ახსენებენ პუტინს, ჰგონიათ, რომ ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს.
მაინტერესებს, სააკაშვილს პუტინმა დაავალა იმედის დარბევა? 7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ორგანიზება, ციხეებში წამება, გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობები?! თუ დაავალა, მაშინ ვიფიქრებთ, რომ პუტინს ჰქონია გავლენა იმ დანაშაულებზე, რის გამოც სააკაშვილს თავშესაფრის ძიება უწევს სხვადასხვა ქვეყნებში. თუ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დღეს გვესმის წუწუნი, ეს ემყარება მხოლოდ ერთ მიზანს - თვითგადარჩენას. მათ იციან, რომ თუ სააკაშვილის გარშემო არ გაერთიანდებიან, მათაც მოუწევთ იმ პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც გამოიხატებოდა ამგვარი დანაშაულების ჩადენაში", - განაცხადა სესიაშვილმა