ქალაქის მერის, დავით ნარმანიას სურვილს ველოსიპედის ძეგლის გადატანის თაობაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და ამბობს:
-"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც საკრებულოს სხდომის მონაწილე, რომ სხდომაზე ველოსიპედის გადატანაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა. საუბარი იყო რიყის "ტრუბებზე". კერძოდ, ითქვა, რომ "ტრუბების" გადატანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კონსტრუქცია ამის შესაძლებლობას იძლევა და თუ ამ პირობას ჩავუდებთ რომელიმე ინვესტორს სხვა შეღავათის სანაცვლოდ, მაგრამ თუ ამ სიმახინჯის (და "ტრუბები" რომ სიმახინჯეა 100%-ით ვეთანხმები) გადატანა კონსტრუქციის თავისებურების გამო ვერ მოხერხდება, მაშინ ის, ჩვენდა სამწუხაროდ, ადგილზე დარჩება. ველოსიპედი ნახსენები იყო იმ კონტექსტში, რომ პატარა ქანდაკებების გადატანა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შედარებით ადვილია, მაგრამ დიდი კონსტრუქციების შემთხვევაში ასე არ არის. მერე თუ ჰკითხა ვინმემ რამე კიდევ ჟურნალისტებიდან ნარმანიას ამ თემაზე, არ ვიცი. საკრებულოს სხდომაზე რაც ითქვა, იმის თაობაზე უკვე მოგახსენეთ. კონკრეტულად ველოსიპედს წავიღებ და ეგეთი რამე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ თქმულა. ითქვა, რომ გადაწყვეტილება არ იქნება ერთპიროვნული და მიიღება საკრებულოს წევრებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად. და საერთოდ, საკრებულოს სხდომაზე არანაირი განხილვა ძეგლების გადატან-გადმოტანისა არ ყოფილა. იყო საკრებულოს წევრის, სოსო მანჯავიძის კითხვა და ქალაქის მერის ნარმანიას პასუხი ამ კითხვაზე. და ეს პასუხი იყო ის, რაც ზემოთ დავწერე. საკრებულოს სხდომა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. და მთელი ეს ისტერია, "არიქა ველისაპეტს გვართმევენ", " ნარმანიამ პროვინციელები შეურაცხყო" და ა.შ. არის ქალაქის მერის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, ანუ ე. წ. შავი პიარი. მეტი არაფერი", - წერს ზურაბიშვილი.