ივერიონი / "სვანი" - სიცოცხლისა და სიკვდილის პირისპირ

"სვანი" - სიცოცხლისა და სიკვდილის პირისპირ

რუბრიკა "რეტრო"

შორენა როსტომაშვილი  

 "ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი". (დაბადება 9.6)

 

   ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული ახალ ქართულ მხატვრულ ფილმს "სვანი". ვკითხულობთ და უკვე ვგრძნობთ, რომ მძიმე სურათი უნდა ვიხილოთ. ძმები სოსო და ბადრი ჯაჭვლიანები იღებენ ფილმს სვანეთზე და აშიშვლებენ ცოდვიან, ძირმომპალ ზნესა თუ ჩვეულებას _ სისხლის აღებას, კაცის კვლას, ბოროტებას, რომელსაც საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე საუკუნეების მანძილზე ემონებოდა... უბატონო, თავის თავის პატრონი სვანი დროთა განმავლობაში ეშმაკის მონად და მსახურად იქცა... "არა კაც ჰკლა" _ გვეუბნება ათი მცნებიდან ერთ-ერთი, მაგრამ ზოგჯერ "ჩვევა რჯულზე უმტკიცესია"...

 

პირველივე კადრებიდან სვანეთის მთები გვესალმებიან. თვალი სწვდება პირქუშ, ზვიად მწვერვალს _ სვანური ხასიათის გარეგნულ სახეს, ამ ხალხის სიამაყის სიმბოლოს _ ცივ და ამაყ თეთნულდს... სურათისათვის შესაფერისი და სახასიათო მუსიკის ფონზე თავს იწონებენ ცადაზიდული სვანური კოშკები და სვანეთიც მთელი თავისი კოლორიტულობით იშლება ხელისგულზე.

 

დიქტორის ხმა (მსახიობი ზურაბ ყიფშიძე) ჯაჭვლიანთა კოშკის შესახებ არსებულ თქმულებას გადმოგვცემს: "შებინდდებოდა თუ არა, მწვერვალ თეთნულდიდან ცეცხლის სახით თეთრი ანგელოზი შემოდიოდა. კოშკში ლოცვას იწყებდნენ. ანგელოზი მანამდე მფარველობდა მათ, სანამ ამ კოშკიდან სხვა გვარის კაცი არ მოკლეს"...

მაგრამ ადამიანებს მიწა ზეცაზე მეტად უყვართ და დღენიადაგ "იბრძვიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან". და ორი სვანური გვარიც ტყის გამო დაერევა ერთმანეთს.

 

სიუჟეტი მარტივად ვითარდება _ ჩვეულებრივი კამათი სისხლიან ბრძოლაში გადაიზრდება. ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელნი ტყეს იჩემებენ, მეორენი ედავებიან. ერთი მხარე ცრუობს და იფიცებს კიდეც, ჩვენი მიწააო, თუმცა თავად ჩექმით მოტანილ და ჩუმად დაყრილ მიწაზე დგანან. მათი სიცრუის ამბავს ახალგაზრდა ქალი გაუმხელს ჯაჭვლიანებს და თავმოყვარე ახალგაზრდები სიმართლეს მოითხოვენ. საპასუხოდ ორი ძმიდან ერთ-ერთს _ ბეშქენს კლავენ. 

ეს ერთი მკვლელობა მომავალში ათად იქცევა. მსხვერპლს ახალი მსხვერპლი მოსდევს...

ბეშქენის სულისთვის ზრუნავენ ახლობლები. აქ სვანური ტრადიციების გარკვეულ ნაწილს შევნიშნავთ. ამ შემთხვევაში მათ ზიანი არავისთვის მოაქვთ. ბეშქენის დედას _ მართას, ჭირისუფლებს ფერადი სამოსი აცვიათ... კადრში შავ მამალს ვხედავთ და ასოციაციურად ვუკავშირებთ მას იმ ადამიანებს, რომელთაც შესაწირი ფრინველივით თუ ცხოველივით ექცევიან. ასეთი რამ ამ სურათში არაერთხელ გვხვდება. თუმცა, ამავე დროს, მათ სწამთ ღმერთი, ხატი, იესო ქრისტე, წმინდა ნინო... კითხულობენ "მამაო ჩვენოს", ლოცულობენ, სანთელს ანთებენ... ისინი ქართველები არიან...

რექჩიანების გვარი ერთ მკვლელობაზე შეჩერებას არ აპირებს, ამიტომ ბეშქენის ძმა ჯაბეგი (მსახ. ბადრი ჯაჭვლიანი) სხვათა შეგონებით რუსეთში, ჯარში მიდის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ რუს მეგობარ ვალოდიასთან ერთად შინ ბრუნდება. მეოცნებე ვალოდია სვანური კოშკის აგებასა და ლამაზი ოჯახის შექმნაზე ოცნებობს, მაგრამ ჯაბეგის მტრები მასაც კლავენ. ისინი კოშკიდან ისვრიან. მის დაკრძალვაზე ჯაბეგს სვანური ქუდი ახურავს და ეს ავისმომასწავებელია.

 

ფილმი თავიდანვე მუქ ფერებში წარმოგვიდგება, თუმცა, ალაგ-ალაგ, როცა მომავლის იმედის ნაპერწკალი იელვებს, ეს მუქი ტონები ნათელ, ხასხასა ფერებად გარდაიქმნება და სვანეთის ბუნებასაც ცოცხლად გვიხატავს. ამ მხრივ, რეჟისორისა და ოპერატორის ჩანაფიქრი ერთმანეთს ემთხვევა, იდეა და დადგმა სრულ ჰარმონიაშია.

 

ფილმში ნამდვილი ამბავია მოთხრობილი, ამიტომ შინაარსს გვერდს ვერ ავუქცევთ. სვანეთის შესახებ ბევრად ძველი კინოფილმები არსებობს, მათ შორის "ჯიმ შვანთე" ("მარილი სვანეთს"), "ლილეო"... ამ უკანასკნელში ბევრ სხვა საკითხთან ერთად ყურადღება გამახვილებულია ხალხურ ადათ-წესებზე, რომლებისთვისაც დროის დინებას ვერაფერი დაუკლია, მაგრამ ხომ გააჩნია ტრადიციასაც?!. კარგი უდაოდ უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ უვარგისი ძირიანად უნდა მოისპოს _ გვეუბნებიან რეჟისორები. ამას შეებრძოლა თავის დროზე ვაჟა-ფშაველა, ალ. ყაზბეგი... მავნე ტრადიციები ნათლად დაგვანახა მიხეილ კალატოზიშვილმა თავის "ჯიმ შვანთეში" (მიუხედავად იმისა, რომ აქ სხვა პრობლემაზე იყო გადატანილი ყურადღება). რაც შეეხება "სვანს", ის მაინც XXI საუკუნის პირმშოა, ამიტომ ბევრი რამით განსხვავდება წინამორბედებისაგან. ფილმში გადმოცემული ამბავი XX საუკუნის სვანეთში ხდება, საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილია, აფხაზეთის ომის "ხმაც გაისმის" _ არც ისე ახლოს და არც ისე შორს...

 

რუსეთიდან ჯაბეგის შეყვარებული _ ვიკა ჩამოდის და ხმამაღლა აცხადებს, რომ ოფიცრის ქალიშვილია, რომ არაფრის ეშინია და სვანეთშიც გაძლებს... მაგრამ ვალოდიას სიკვდილით დაწყებული, სხვა ბევრი მსგავსი შემთხვევის შემდეგ გაქცევას გადაწყვეტს. არადა, ის ჯაბეგის ცოლი და უკანასკნელი ჯაჭვლიანის დედა ხდება.

 

აქ აუცილებლად უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა მსახიობებზე, განსაკუთრებით კი ვიკას როლის შემსრულებელზე (ელენე ველიკანოვა), რომელიც საკმაო ოსტატობით ასრულებს როლს. რაც შეეხება მსახიობთა ძირითად ანსამბლს, ფილმის დასაწყისში მათ თამაშში ოდნავი დაძაბულობა შეიმჩნევა, რაც თანდათან უკეთესობისაკენ იცვლება. შესაძლოა, ეს სვანური კილოკავით არის გამოწვეული, რასაც ნაკლებად ვართ შეჩვეულნი, ან მართლაც ზოგიერთი მსახიობის შეცდომაა. 

 

"ვენდეტა" გრძელდება _ ჯაბეგი მეგობრის სიკვდილისათვის პასუხს ითხოვს, მაგრამ გვეგნუს გარდა ყველა ყველაფერს უარყოფს. გვეგნუ (სოსო ჯაჭვლიანი) რექჩიანებში ნაკლები სისასტიკით გამოირჩევა და კიდევ ბევრი რამ იცის, იცის, სინამდვილეში ვინ არის ჯაბეგი, თუმცა ამაზე შემდეგ... ძმები კაბუ და ჩოფე თავად აიძულებენ ჯაბეგს, სასხლეტს გამოჰკრას ხელი... ტყვია კაბუს ხვდება. 

და ასე უსასრულოდ...

ამ სოფლის _ მულაყის თავკაცი (მსახ. ელგუჯა ბურდული) დაპირისპირებულ გვარებს იმ სიას აჩვენებს, სადაც ორასი გადაშენებული სვანური გვარი წერია. დღეს აღარც ნამოსახლარია მათი და აღარც შთამომავლობა. ასე უპირებდნენ გადაშენებას რექჩიანები ჯაჭვლიანების გვარს. ასე გადაშენდა ნესტრიანების გვარიც.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

წარსულში ჯაბეგის სანათესაოში უბედურება დატრიალებულა _ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს _ ძაძუ რექჩიანსა და ბედან ნესტრიანს შეჰყვარებიათ ერთმანეთი _ სისხლი აღრეულა. სირცხვილის ჩამოსარეცხად ქალ-ვაჟის მამებს თავად უნდა დაეხოცათ საკუთარი შვილები. ასეთი იყო შეთანხმება. ფეხმძიმე გოგონას მამამ სიტყვა შეასრულა და მერე თავიც მოიკლა. ბიჭი კი თავისიანებმა ვერ გაიმეტეს. სიტყვის გატეხას ვინ აპატიებდათ და რექჩიანებმა ნესტრიანების გვარი ამოწყვიტეს. 

 

ფილმში ჩართული ეს ეპიზოდი მაყურებლამდე კარგად არის მოტანილი. გოგონას სახე (სალომე გასვიანი) ახლო ხედით არის ნაჩვენები. აღელვებული სვანები განცდებს ძნელად გამოხატავენ, მაგრამ დაძაბული მუსიკა, რომელიც ფონად ადევს ძაძუ რექჩიანის მოკვლის სცენას, შესაბამის ეფექტს ახდენს მნახველზე და ოდნავ მოგვავგონებს მარიტას სიკვდილის ეპიზოდს თენგიზ აბულაძის შესანიშნავი ფილმიდან "ნატვრის ხე".

 

მოგვიანებით ირკვევა, რომ ნესტრიანებიდან პატარა ბიჭი გადარჩა. რექჩიანები მის გამზრდელ მამიდას _ მართას უბრძანებენ, ბიჭი მოსაკლავად გადასცეს მათ. თავად მართას ტყუპი ვაჟები ჰყავს და ძმიშვილის მაგიერ ერთ-ერთ ტყუპისცალს გაიყვანს გარეთ. ამ ყველაფერს გვეგნუ ხედავს და არაფერს ამბობს. მან იცის, რომ ნესტრიანების ვაჟი გადარჩა, არც მსხვერპლად შეწირული ტყუპისცალის სიკვდილი სურს, მაგრამ გაავებული რექჩიანები არ უსმენენ. ის გადარჩენილი ნესტრიანი ჯაბეგ ჯაჭვლიანია.

 

აქ კი მართლაც საზარელი სცენის მოწმენი ვხდებით. უდანაშაულო ბავშვი სიკვდილს გაურბის, მაგრამ მკვლელები (ამ სიტყვის სრული და ყველაზე საშინელი მნიშვნელობით) წარბშეუხრელად კლავენ მას. მათ შორის სისასტიკით გამოირჩევა ვინმე სიმე, რომელსაც თავად ჯაბეგი უსწორდება წლების შემდეგ _ ის კლავს სიმეს და ერთ დიდ ხორცმეტს აშორებს დედამიწას. ამ შემთხვევაში ვენდეტა მართლაც რომ გამართლებულია.

 

მართას სახით (მსახ. დარეჯან ხარშილაძე) ნამდვილი სვანი ქალის სახეს ვხედავთ. ცოტა თუ შეძლებდა გამოუვალ მდგომარეობაში საკუთარი შვილის გაწირვას, იქნებ არც ჰქონდეს გამართლება, მაგრამ მან ნესტრიანების გვარის გადარჩენა სცადა. თუმცა, შემდეგ, როდესაც გადაშენების საფრთხე ჯაჭვლიანების გვარსაც დაემუქრა, ჯაბეგმა საკუთარი შვილი ბოლო ჯაჭვლიანად დაუტოვა სვანეთს...

 

ჯაბეგს ოდესღაც მისგანვე დანდობილი ჩოფე კლავს _ მაშინ, როდესაც გაქცეული ვიკა შუა გზიდან ბრუნდება ოჯახში, როდესაც ორივე გვარი ხატზე იფიცებს, რომ მშვიდობა სურთ, როცა თითქოს ყველაფერი კარგად უნდა დამთავრდეს... სწორედ მაშინ უმუხთლებს ბედი თუ კაცი ჯაბეგს. ეზოში შეშაზე გამოსული თითქოს რაღაცას იგრძნობს, არე-მარეს, სვანურ ცას მოავლებს თვალს, გაიღიმებს და... ტყვიაც გავარდება...

 

შესანიშნავი, სულში ჩამწვდომი მუსიკა (ავტ. ჭაბუკა ამირანაშვილი), რომელიც მანამდეც არაერთხელ გვხვდება, დასასრულსაც თავის ფუნქციას ასრულებს, თითქოს სიმღერაა, თითქოს გლოვაც გაისმის... კაენი ისევ კლავს აბელს და ბოროტი მაინც სძლევს კეთილს... სვანი სიცოცხლისა და სიკვდილის პირისპირ დგას და არცერთს არ აფასებს, სიცოცხლეს კი უმოწყალოდ თელავს...

 

იმედის ერთ-ერთ ნაპერწკლად ჯაბეგის პირმშო გვრჩება. ვინმემ ხომ უნდა მოუღოს ბოლო მტრობას, ძალადობას, ძმათა კვლას, მოყვასის სიძულვილს... და იქნებ ეს ვინმე ჯაბეგის ვაჟი აღმოჩნდეს?!.

 

ეროვნული თვითშეგნება გვაძლევს ერთმანეთის სიყვარულს. რეჟისორები თავიანთი ფილმით ხმამაღლა აცხადებენ პროტესტს ცოდვის, უვარგისი ჩვეულებების, მტრობის წინააღმდეგ და ალბათ მაყურებელიც იმედოვნებს, რომ მძიმე და დამთრგუნველი.სისხლიანი სურათის შემდეგ ეს ხმა არ დარჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".

 

მავანი იტყვის _ რატომ გადაიღეს ამგვარი ფილმი? რატომ ახადეს ფარდა სიმართლეს? იმიტომ, რომ სიმართლეა! იმიტომ, რომ ეს არის სინამდვილე, რომლესაც თვალი უნდა გავუსწოროთ, ისევე, როგორც ვუცქერთ სვანურ ცეკვას, ვუსმენთ სვანურ სიმღერას. კარგი უნდა დავტოვოთ, მოვუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ, ცუდი _ მოვიშოროთ, წარსულს ჩავაბაროთ, ძირიანად მოვსპოთ.

 

"შებინდდებოდა თუ არა, მწვერვალ თეთნულდიდან ცეცხლის სახით თეთრი ანგელოზი შემოდიოდა. კოშკში ლოცვას იწყებდნენ. ანგელოზი მანამდე მფარველობდა მათ, სანამ ამ კოშკიდან სხვა გვარის კაცი არ მოკლეს"...

6-08-2014, 10:35
უკან დაბრუნება